დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების 14 000 აქტიური შემთხვევიდან, სტაციონარებში, დაახლოებით, 15%-დან 25%-მდე შემთხვევა უნდა იმართოს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
NCDC-ის ხელმძღვანელმა მოსახლეობას 2 სლოგანით მიმართა.
„ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები უნდა იმართოს ამბულატორიულ პირობებში ანუ ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი უსიმპტომოა ან მსუბუქად მიმდინარე. ამიტომ, მინდა, მოსახლეობას ასეთი სლოგანით მივმართო - თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი და ჰქონდეს მისი ტელეფონის ნომერი, რადგან სიმპტომების დაწყებისას, არ არის იმის ძიება საჭირო, სად ჩავიტაროთ ტესტი და როგორ - უნდა დავურეკოთ ოჯახის ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დარიგებით. მოკლედ, დღევანდელ პირობებში, რადგან ამ დაავადების მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის სექტორზე გადადის, უნდა იცოდეთ ვინაა თქვენი ოჯახის ექიმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გარე სივრცეებშიც აუცილებლად ატარონ პირბადე.
"3 დიდ და ცხელ წერტილში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარდა დახურული სივრცეებისა, პირბადის ტარება აუცილებელია ღია სივრცეებშიც - ესაა ჩემი მეორე სლოგანი და მოწოდება, რამეთუ ინფექცია ამ სამ რეგიონში ინტენსიურად ცირკულირებს. მივეჩვიოთ ცხოვრებას პირბადით ისე, როგორც თითოეულ თქვენთაგანს ჯიბეში უდევს ცხვირსახოცი. ეს დაგვჭირდება სულ მცირე 1 – 1.5 წელი. შემოვიდა ტერმინი კოვიდის გრიპიზაცია ანუ მსგავსად გრიპისა, კოვიდიც სეზონურად იქნება ხოლმე და ამას უნდა მივეჩვიოთ“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.