მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

The Economist: საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა, რეგიონის ლიდერი სომხეთი გახდა

5e28209ac26e3
შოთა ტყეშელაშვილი
22.01.20 14:26
4313
The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის დონე გაუარესდა. 

დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობის და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგში ქვეყნები 0-დან 10-მდე სკალაზე ფასდებიან, საქართველოსთვის 2019 წელს მონიჭებული ქულა კი 5.42-ს შეადგენს, რითიც საქართველო "ჰიბრიდული რეჟიმის" მქონე ქვეყნების სიას მიეკუთვნება. 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს შეფასება 0.08 ქულით უფრო მაღალი იყო და 5.50-ს შეადგენდა. 

The Economist ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, ხშირად არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ადგილი აქვს ოპოზიციურ პარტიებზე და კანდიდატებზე მთავრობის ზეწოლას, სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურაში, მთავრობის მუშაობაში, ადგილი აქვს კორუფციას და სუსტია კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, ზეწოლაა ჟურნალისტებზე და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

ამ კლების მიუხედავად, საქართველოსთვის მიკუთვნებული ადგილი 2018 წლის მსგავსად კვლავ 89-ე პოზიციაა. შედარებისთვის, 2016 წელს საქართველო 82-ე ადგილზე იყო, 2017 წელს 79-ე ადგილზე (167 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა, 2018 წელს კი, ქვეყნის რეგრესი ერთდროულად 10 პოზიციას შეადგენდა. 

2019 წლის ინდექსის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ხარისხი ყველაზე მაღალი სომხეთშია, რომელმაც უკანასკნელ რეიტინგში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და 86-ე ადგილზე გადაინაცვლა. ახალი რეიტინგით სომხეთის დემოკრატია 5.54 ქულით არის შეფასებული, რაც წინა შეფასებასთან შედარებით მთელი 1.43 ქულით მეტია. 

2018 წლის ინდექსთან შედარებით სომხეთი მთელი 17 პოზიციით დაწინაურდა. 

აზერბაიჯანში კი, დემოკრატიის დონე 2.75 ქულით არის შეფასებული, რითიც ქვეყანა 147-ე ადგილს იკავებს. 

წლების მიხედვით, საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში ასე იცვლებოდა:

2010 წელი - 4.59 ქულა;
2011 წელი - 4.74 ქულა;
2012 წელი - 5.53 ქულა;
2013 წელი - 5.95 ქულა;
2014 წელი - 5.82 ქულა;
2015 წელი - 5.88 ქულა;
2016 წელი - 5.93 ქულა;
2017 წელი - 5.93 ქულა;
2018 წელი - 5.50 ქულა;
2019 წელი - 5.42 ქულა.

შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიის ხარისხის ყველაზე მაღალი ზრდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დემოკრატიის ხარისხი საგრძნობლად არის გაუარესებული. 

შედარებისთვის რეგიონის ქვეყნების სრული მაჩვენებლები ასეთია:

თურქეთი - 4.09 ქულა, 110-ე ადგილი;
რუსეთის ფედერაცია - 3.11 ქულა, 134-ე ადგილი;
უკრაინა - 5.90 ქულა, 80-ე ადგილი;
აზერბაიჯანი - 2.75 ქულა, 147-ე ადგილი;
სომხეთი - 5.54 ქულა, 86-ე ადგილი;
ყაზახეთი - 2.94 ქულა, 139-ე ადგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები