მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საფასურის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 2 მილიონ ლარამდე შეადგინა - აუდიტი

644bfaadb0810
ალა ისპირიანი
28.04.23 21:17
828
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სულ ფუნქციონირებდა 63 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან, 32 − უნივერსიტეტი, 22 − სასწავლო უნივერსიტეტი, 2 − კოლეჯი და 7 − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2018-2021 წლებში ავტორიზაცია მიენიჭა 61 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, აქედან, 2018 წელს − 24 სასწავლებელს, 2019 წელს − 12-ს, 2020 წელს − 3-ს და 2021 წელს 22 დაწესებულებას. ამავე პერიოდში ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია 10 სასწავლებელის მიმართ, ხოლო ავტორიზაციაზე უარი ეთქვა 5 სასწავლებელს.

აუდიტის თანახმად, 2018-2021 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 1,966,967 ლარი შეადგინა.

რა არის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია?

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა.

რას მოიცავს ავტორიზაციის საფასური?

ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით გამოითვლება.

ავტორიზაციის საფასური მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებულ მომსახურების ხარჯებს, დამატებული ღირებულების გადასახადს, ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი შესაბამისი ოდენობის თანხას და საპენსიო შენატანს.

ავტორიზაციის საფასური რანჟირებულია ავტორიზაციის მომსახურების გასაწევად საჭირო ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის − კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, რომლის განსაზღვრაში მონაწილეობს სხვადასხვა კრიტერიუმი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახე; მდგომარეობა; სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა; აკადემიური პერსონალის რაოდენობა და სხვ.), რომელთაც პრიორიტეტულობის მიხედვით განსხვავებული კოეფიციენტები გააჩნიათ. საფასურის გაანგარიშება ეფუძნება ხარჯების შემდეგ ელემენტებს, როგორიცაა: არაპირდაპირი ადმინისტრაციული ხარჯები (კომუნალური ხარჯები, ინვენტარისა და ტექნიკის ცვეთა) და პირდაპირი ხარჯები − ავტორიზაციის პროცესში მონაწილე ექსპერტთა კორპუსის შრომის ანაზღაურების და მივლინების ხარჯები.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ექსპერტთა ჯგუფში თანათავმჯდომარის სტატუსით შედის და ავტორიზაციის საფასურს ემატება შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ექსპერტის ანაზღაურება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად საავტორიზაციო პროცესის ხანგრძლივობა 180 დღეა. მინიჭებული ავტორიზაციის ვადა კი 6 წელი.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის არსებული ტარიფები განსაზღვრულია 2018-2019 წლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები