ვაქცინაციის პორტალზე ხარვეზები აღმოფხვრილია და 20 ათასი ადამიანი უკვე დარეგისტრირდა - განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. ის დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც „სინოფარმით“ აცრის პროცესის დაწყებას დაესწრო.
„ხარვეზები აღმოფხვრილია, დილის მონაცემებით, 20 ათასი ადამიანი იყო რეგისტრირებული „სინოფარმით“ ასაცრელად და რეგისტრაცია აქტიურად გრძელდება. ვფიქრობთ, აქტივობა იქნება მაღალი“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით ვაქცინაციაში 150 დაწესებულება, 300 ბრიგადით არის ჩართული და რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
შეგახსენებთ: საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინა 2 ივლისს ჩამოვიდა. Booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. როგორც ოფიციალურმა უწყებებმა განმარტეს, ვებ-გვერდზე კიბერ-შეტევა განხორციელდა.