მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს 2021 წლის I ნახევარშიც გააგრძელებს - არჩილ მესტვირიშვილი

5f71f25bbe27f
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.20 10:15
2866
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში სავალუტო ინტერვენციები 2021 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება. მესტვირიშვილის თქმით, წელს რეზერვების მნიშვნელოვანი მოცულობის ხარჯვის მიუხედავად, 2020 წლის ბოლოსთვის მათი მოცულობა იქნება, დაახლოებით, იმდენივე, რაც 2019 წლის ბოლოს იყო. ამასთანავე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ 2020-2021 წლებში რეზერვები დონორებისგან მიღებული $1.5 მილიარდი დოლარით შეივსება.


"ქვეყანაში არის მცურავი გაცვლითი კურსი და თუ არის რაღაც მოლოდინები ეკონომიკაში, ის ამაზე რეაგირებს მიუხედავად იმისა თუ რა არის ჩვენი ინტერვენცია", - BMG-ისთან განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში ინტერვენციების მიზანს არა უშუალოდ კონკრეტულ დღეს არსებული სავალუტო მერყეობის შემცირება, არამედ ბაზრისთვის უცხოური ვალუტის ლიკვიდური სახსრების მიწოდება წარმოადგენს.


“ჩვენ გვაქვს გეგმა სავალუტო რეზერვების თუ რამდენი უნდა გავყიდოთ, წლის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, პანდემია როგორ განვითარდება, საჭიროებიდან გამომდინარე გაყიდვებს გავაგრძელებთ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც. საჭიროებიდან გამომდინარე არ ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება მორგებული მაგალითად კონკრეტული ბიზნესების საჭიროებაზე კურსთან დაკავშირებით. ვუყურებთ მთლიანად ეკონომიკას და ვაფასებთ თუ რა დააკლდა, რა საშუალება არის და რა მოვიზიდეთ უცხოეთიდან და ვაწვდით ბაზარს. ეს არის ჯამურად ქვეყნის ვალი და შესაბამისად, ვფრთხილობთ იმ გაგებით, რომ მივაწოდოთ ბაზარს იმდენი, რამდენიც ეკონომიკისთვის არის საჭირო.

განვმარტეთ, რომ ინტერვენციებს არ ვაკეთებთ იმისთვის, რათა კონკრეტულ დღეს რაღაცა გავლენა მოვახდინოთ კურსზე, ჩვენ ინტერვენციას ვაწვდით იმიტომ, რომ ის დანაკლისი რაც იყო, მისი ნაწილი რისი საშუალებაც არის ამოვავსოთ.

კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ქვეყანაში არის მცურავი გაცვლითი კურსი და თუ არის რაღაც მოლოდინები ეკონომიკაში, ის ამაზე რეაგირებს მიუხედავად იმისა თუ რა არის ჩვენი ინტერვენცია.

დიდი ალბათობით, ინტერვენციების მიუხედავად, წლის ბოლოს დავამთავრებთ რეზერვების იმ დონით, რაც იყო გასულ წელს. გასული წლის ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ რეზერვების ადეკვატურობის მინიმალურ დონეს და ეს ადეკვატურობის დონე წლის ბოლოსაც შენარჩუნებული იქნება.

2020 წელს და ეს 2021 წლის პირველ ნახევარზეც გადადის, ჯამურად არის $1.5 მილიარდი დოლარი, ეს არ არის მხოლოდ მთავრობისთვის მოზიდული რესურსი, ამაში შედის ის თანხებიც, რასაც ეროვნული ბანკი იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება, ფულადი გზავნილების მიმართულებით არის ზრდა და მსოფლიოშიც ზრდის ტემპი შეინიშნება ამ მხრივ. ექსპორტის მაჩვენებელი მიყვება წინასწარ დაგეგმილ ტრენდს, მცირედით ასწრებს კიდეც იმას, რაც ადრე იყო დაგეგმილი. ტურიზმში, რა თქმა უნდა, გვაქვს ყველაზე დიდი ჩავარდნა და ქვეყანაში ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული,” - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა, ჯამში, 14 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $449.7 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სავარაუდოდ $200 მილიონზე მეტი მოცულობის ინტერვენციები განხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები