ქალაქში რესტორნების, ბარებისა თუ კლუბების მხრიდან წარმოქნილი ხმაურის დასაშვები ნორმების დარღვევაზე მიდგომების გამკაცრება მუნიციპალიურ ინსპექციას 21 ივნისს თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დაავალა. განცხადება მკაფიო იყო - მოსახლეობის ინტერესები არ უნდა ირღვეოდეს. კალაძე აცხადებდა, რომ დღეს ამ მიმართულებით დედაქალაქში გამოწვევები მრავლადაა.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მოსახლეობის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს, თუმცა პროცესში არც ბიზნესის შევიწროება უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, საქართველოში ხმაურის კონტროლზე შემოღებული რეგულაციები ქვეყნის რეალობას აცდენილია.
ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიზნესის დაჯარიმება შერჩევითი პრინციპით ხდება, რადგან რეალურად დასაშვებ დეციბალებს მუნიციპალური ინსპექცია ვერ ითვლის. შესაბამისად, ვერ არკვევს ბიზნესი ნამდვილად არღვევს კანონს თუ ვერ.
“უნდა იყოს ოქროს შუალედი დაცული და ასეთი მკაცრი თუ მკვახე განცხადებები ვერაფერს ვერ შეცვლის მოსახლეობისთვის. შეიძლება ეს განცხადებები პოპულისტური იყოს, იმიტომ რომ ვიღაცის გულის მოგება მოხდეს, ამ შემთხვევაში კი რატომღაც ბიზნესი განტევების ვაცი არის.
მოთხოვნები, რომელიც არსებობს შეუსრულებელია. არ უნდა ხდებოდეს ვიღაცის შეხედულების მიხედვით ბიზნესის დაჯარიმება, რომელიც ამბობს, რომ აქ შეიძლება ხმაური იყოს. ხმა უნდა გაიზომოს, არის ის რეალურად შემაფერხებელი, ირღვევა თუ არა მოსახლეობის უფლებები თუ უბრალოდ შეხედულების მიხედვით ხდება დაჯარიმება, იმიტომ რომ ვიღაცას რაღაც აწუხებს. დღეს ხმაური ვერ იზომება, ამის გაზომვა უნდა მოხდეს დახურულ სივრცეში, უნდა დაიკეტოს ფანჯრები და ასე უნდა მოხდეს გარკვეული მანძილიდან დეციბალების გაზომვა. ეს კი უბრალოდ განუხორციელებელი და შეუძლებელია”, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი დადგენილება თბილისში აკუსტიკური ხმაურის შესახებ რეგულაციები 2017 წლის აგვისტოში მიიღო. რეგულაციების მიხედვით , განისაზღვრა დასაშვები დეციბალების რაოდენობა და საათები, როცა აღნიშნული დეციბალით ხმაური კანონის ჩარჩოებში ექცევა. კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორება ჯარიმის გაორმაგებას იწვევს.