იმუნიზაციის საბჭომ ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრის პროტოკოლი დაამტკიცა. საბჭოს შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ შესაბამისი წესები განმარტა და აღნიშნა, რომ ბუსტერ-დოზის მიღება უკვე ხვალიდანაა შესაძლებელი.
"დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ, მათ შორის ერთ-ერთი არის ბუსტერ-დოზების თემა. ბუსტერ-დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წელს ზემოთ ნებისმიერი პირისითვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.
"სინოფარმით" და "სინოვაკის" ვაქცინებით აცრილებს ბუსტერ-დოზად შეუძლიათ იგივე ვაქცინების გამოყენება ან შეუძლიათ "ფაიზერით" აიცრან;
"ასტრაზენეკას" შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ გაიკეთონ ბუსტერად "ფაიზერის" ვაქცინა. ასევე, "ფაიზერით" აცრილებს, ბუსტერად კვლავ "ფაიზერით" აცრა შეუძლიათ.
60 წელს ზემოთ პირებს ბუსტერ-დოზით აცრა შეუძლიათ მეორე აცრიდან 3-6 თვის ინტერვალში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ბუსტერ-დოზით უკვე, დაახლოებით, 3 500 პირია აცრილი, ხოლო უფრო ძლიერი ნაკადის მოლოდინი დეკემბერ-იანვარში აქვთ.




























