მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 გამოწვევა, რომელიც სახელმწიფომ კორონავირუსთან ბრძოლისას უნდა დაძლიოს - ჭიაბერაშვილი

5ffd973175bc0
ინგა მურუსიძე
12.01.21 17:00
648
"ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, აქაც "რაც იქნება, იქნება" პრინციპით მივდივართ და ამ პრინციპით საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა 2021-ში ძალიან რთულად მესახება", - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს. ყოფილი დეპუტატი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც, დღესდღეობით, ქვეყანამ უნდა დაძლიოს:

1. კორონავირუსის "ტყვეობას" რომ თავი დავაღწიოთ და ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ, საზოგადოებრივი იმუნიტეტი გვჭირდება. საზოგადოებრივი იმუნიტეტი მიიღწევა, როდესაც მოსახლეობის 60-70%-ს მაინც აქვს ინდივიდუალური იმუნიტეტი - გადატანილი ინფექციით ან ვაქცინით.

2. ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ 60-70%-ზე გავიდეთ დროის რაც შეიძლება მოკლე ინტერვალში, როგორც მინიმუმ იმუნიტეტის მოქმედების პერიოდში. თუ ვაქცინაციის პროცესი ძალიან გაწელილია, იგი ინდივიდუალურად შველის აცრილს, მაგრამ საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭირო მინიმალური დონე არ მიიღწევა.

3. ადამიანის სხეულში ანტისხეულების გამომუშავების პროვოცირებისათვის, ყველა მოქმედი ვაქცინა კორონავირუსის გვირგვინის წვეტის ცილის იმიტირებაზეა აგებული. ამ ვირუსის რა ახალი შტამებიც გაჩნდა, ჯერჯერობით არც ერთში კორონავირუსის გვირგვინის წვეტის ცილის იმგვარი მუტაცია არ მომხდარა, რომ იგი ვაქცინას დაუძვრეს (ამ თვალსაზრისით, სამხრეთაფრიკული შტამი ყველაზე უფრო სახიფათო ჩანს), თუმცა ამის შესაძლებლობა არის და, ალბათობაც, არცთუ პატარაა.
თუ რომელიმე ახალი შტამი "დაუძვრება" არსებულ ვაქცინას, საბედნიეროდ, მეცნიერები გვამშვიდებენ, რომ მათ სწრაფადვე შეუძლიათ ვაქცინის "რედაქტირება", რომ მან ასეთი "ჭირვეული" შტამიც "მოარჯულოს", მაგრამ აქ მთავარი გამოწვევაა სიჩქარე.

თუ ახალი "ჭირვეული" შტამები უფრო სწრაფად ჩნდება და ვრცელდება, ვიდრე არსებული შტამების საწინააღმდეგო ვაქცინით საკაცობრიო საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა (4-4.5 მლრდ ადამიანის აცრა ვაქცინის მოქმედების პერიოდში), მაშინ ვიღებთ სეზონური გრიპის მდგომარეობას ოღონდ არა სეზონურად, არამედ უწყვეტად. სამწუხაროდ, ამის ალბათობაც არსებობს.

4. ამიტომ თუ 2021-ში პრობლემა ვაქცინის შოვნაა, 2022-ში - როცა ვაქცინის წარმოების სიმძლავრე გაათმაგებული და გაასმაგებული იქნება - მსოფლიო ძალისხმევა მიემართება იმაზე, რომ კორონავირუსის მოქმედი შტამების საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა მოხდეს რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში.

5. საქართველოსნაირი ქვეყნების იმუნიზაცია განვითარებული სამყაროს კეთილ ნებასა და ჰუმანურ პრინციპებზეა დამოკიდებული. ამისათვის არის COVIX პლატფორმა და მასობრივი ვაქცინაციისთვის საჭირო რაოდენობას სწორედ იქიდან მივიღებთ. ეს პროცესი მთლად ჩვენზე არაა დამოკიდებული.

„აი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ესაა ლოჯისტიკა და ვაქცინაციის სისწრაფე. ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, აქაც "რაც იქნება, იქნება" პრინციპით მივდივართ და ამ პრინციპით საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა 2021-ში ძალიან რთულად მესახება. საზოგადოებრივი იმუნიტეტი კი, გავიმეორებ, იმისათვის გვჭირდება, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმს ნაწილობრივ მაინც დავუბრუნდეთ“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.