მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხიშტოვანი: დიდი რისკია, დეპრესიულ ეკონომიკაში აღმოვჩნდეთ

601592ee135f3
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 21:00
1306
2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა. ამ ვარდნის მიზეზი ქვეყანაში დაწესებული ახალი ლოქდაუნი გახდა, რის გამოც ათასობით სავაჭრო და მომსახურების ობიექტი იძულებით დაიხურა. დეკემბერში არსებულმა კლებამ მთლიანად 2020 წლის შედეგებზეც იმოქმედა, რის გამოც, გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი „ ანალიტიკაში“ სტუმრობისას ამბობს, რომ „სიტუაცია არის ცოტა უფრო უარესი, ვიდრე ბოლო პერიოდში ვვარაუდობდით“.

მისი თქმით, ეკონომიკის არსებული მაჩვენებლით ვარდნის პირობებში ახლა უფრო გაჭირდება იმ მიზნის მიღწევა, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც გვქონდა 2019 წლის ბოლოს.

„ერთ მხარეს გვაქვს გარემოება, რომ ჩვენი საგარეო ვალი ძალიან გაიზარდა და მიუახლოვდა GDP-ის 60%-იან მაჩვენებელს. ამასთან ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ თანხების დახარჯვა, რაც გამოყოფილი იყო მხარდამჭერი პაკეტის ფარგლებში. რეალურად ნაშთი დაგვრჩა იმის შემდეგ, რაც დახმარების პაკეტები მოწყვლადი ჯგუფებისთვის გაიცა“-აცხადებს ხიშტოვანი.

ამ გადმოსახედიდან გამომდინარე, წამყვანის კითხვაზე, ეს უკეთესია თუ უარესი, ხიშტოვანი პასუხობს:

„თუ დავსვავთ კითხვას, რამდენად შეიძლებოდა ეს კლება ყოფილიყო უფრო ნაკლები, შეიძლებოდა იმ შემთხვევაში თუ გვექნებოდა უფრო ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი და მეორეს მხრივ დახმარების პაკეტის ფარგლებში მობილიზებული თანხები ბოლომდე გაიხარჯებოდა. ეს მოიტანდა იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნებოდა ნაკლები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ სადაც დახმარების პაკეტი იყო უფრო მაღალი, ეკონომიკური ზრდაც იყო ნაკლები. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ აშშ-ს ან სხვა ქვეყნის მაგალითი.

თანხები რაც დაგვრჩა, იმ მხრივ არის კარგი, რომ მეტი თანხა არის მობილიზებული 2021 წლისთვის, რასაც თავის მხრივ დადებითი მოვლენა შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რომ ჩვენ ავიღეთ ვალი და ვერ მოვახერხეთ დახარჯვა, რომ ბიზნესი და მოწყვლადი ჯგუფები ნაკლებად დაზარალებულიყო, ამას დადებით მოვლენად ნამდვილად ვერ დავასახელებთ“-აცხადებს ხიშტოვანი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქვს ჩვენს ქვეყანას ფუფუნება არ დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა და რამდენად მოსაწონია მთავრობის მიდგომა და გახსნის ტემპი, ხიშტოვანი ამბობს, რომ მას ესმის მთავრობის მიდგომა, თუმცა თუ არ იქნება სწორი გადაწყვეტილება მიღებული, 2021 წელი ყველა პროგნოზით რთული იქნება.

„ფაქტია მთავრობამ არჩია უფრო მკაცრი მიდგომა, წინ დგას მოქალაქის ჯანმრთელობა და მეორე პლანზე დგას ეკონომიკა. ეს არის ჩემთვის ცხადი. ვერ ვიტყვი, რომ ვთქვათ ეს არის არასწორი მიდგომა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ ძალიან მძიმე წელი გველოდება 2021-ში და აქ მხოლოდ სიმკაცრით ვპასუხობთ პანდემიის კრიზისს,  რა თქმა უნდა მიჩნდება კითხვები. 2021 იქნება ყველა პროგნოზით რთული. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელიც მეტყველებს, რომ ეკონომიკური აქტივობის რესურსი ამოწურულია.

მაგალითისთვის, სამშენებლო სექტორი იმისთვის, რომ 2020-ში არ გაჩერებულიყო სუბსიდირების პროგრამით მოხდა წინსწრებად ამ სექტორის სტიმულირება, რაც თავისთავად აისახება ამ სექტორში აქტივობაზე 2021-ში. არ ველოდებით ტურიზმის აღდგენას, პანდემია 2021-ში გაგრძელდება მთელს მსოფლიოში, რაც შესაბამისად საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნას არ გაზრდის.

აქ არის სწორი გადაწყვეტილება სწორ დროს მისაღები, რამდენად გვაქვს ფუფუნება ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ეს მკაცრი პოლიტიკა უვადოთ გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენ მართლაც დიდი რისკის ქვეშ ვართ 2021 იყოს კრიზისული წელიწადი, 5%-იანი ზრდაც ვერ შესრულდეს და დეპრესიულ ეკონომიკაში აღმოვჩნდეთ, როცა 2 წლის განმავლობაში უმრავლესობა სექტორების არის გაჩერებული ან ძალიან შეჩერებული“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.