მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გლენბერი" შიდა ქართლში მესაქონლეობის 1,000-სულიანი ფერმის შექმნას გეგმავს

6199573798f7b
მარიამ იზორია
21.11.21 13:10
1646
კომპანია „გლენბერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი შიდა ქართლში თანამედროვე ტქნოლოგიით აღჭურვილ მესაქონლეობის ფერმის მოწყობას გეგმავს.

როგორც ბიზნესმენმა bm.ge-ს განუცხადა, ფერმა 1 000 სულ მსხვილფეხა პირუტყვს გააერთიანებს და ის სოფლის ერთობლივი პროექტი იქნება, რომლისთვისაც 50-ოჯახიანი კოოპერატივი დაფუძნდება. მისივე თქმით, მესაქონლეობის ფერმისთვის, დაახლოებით, 50 მლნ ლარის ინვესტიციაა საჭირო და ბიზნესმენი ამ თანხის მობილიზებას სახელმწიფო გრანტითა და ვალდებულების აღებით აპირებს, რომელსაც 10 წელიწადში სრულიად გაისტუმრებს.

„მინდა, სანიმუშო ფერმა და ფაბრიკა გავაკეთო, რომელიც 1 000 ძროხას გააერთიანებს, თუმცა თანასოფლელების გარეშე არაფერი გამოვა, სწორედ ამიტომ 50-ოჯახიან კოოპერატივს ჩამოვაყალიბებ და ამ საქმეს ერთად გავუძღვებით. ამ ყველაფერს, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია სჭირდება; ვგეგმავ სოფლის მეურნეობის მინისტრს შევხვდე, მონაწილეობას საგრანტო კონკურსშიც მივიღებ, თანხის ნაწილს ვალდებულებით ავიღებ და 10 წელიწადში სრულიად გავისტუმრებ, ეს ძალიან კარგი პროექტია, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. მჯერა, ამ წამოწყებით 5 წელიწადში კოოპერატივში გაწევრიანებულ თანასოფლელებს მილიონრებად ვაქცევ“, - აღნიშნავს რაფაელ მაღალაშვილი.

ინფორმაციისთვის: 9 მლნ ლარის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია „გლენბერისი“გაყინული ხილ-ბოსტნეულის წარმოებით არის დაკავებული.