მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობიერება უნდა გავზარდოთ, რომ ჩვენი ფული მხოლოდ ჩვენ გვეხება - სვიმონიშვილი სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს როლზე

64b66bcf92bad
დემეტრე ერგემლიძე
23.07.23 19:53
2297
ბიზნესმენი მიხეილ სვიმონიშვილი ჟურნალისტ დემეტრე ერგემლიძესთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის განვითარებაში სახელმწიფო როლზე საუბრობს და მაგალითად შვეიცარიის სუბსიდირების პოლიტიკა მოჰყავს, რითაც ქვეყანა თავის ფერმერებს ეხმარება.

„სახელმწიფოს როლი არის ძალიან დიდი სოფლის მეურნეობაში. შვეიცარიაში, მაგალითად, 3 600 000 000 შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 4 მლრდ დოლარამდე ჯდება) პირდაპირი დახმარებაა ფერმერობის, როგორც დარგის. მარტივ ენაზე რომ ვთქვა, 4 მლრდ დოლარი არის სუბსიდირება და სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჯამურად შეადგენს 12-13 მლრდ აშშ დოლარს. სახელმწიფო დებს 1 დოლარს და ამ 1 დოლარით 4 დოლარის გამომუშავება ხდება.

სახელმწიფო ხომ ჩვენ ვართ?! ჩვენი გადასახადია პირველ რიგში. ცნობიერება უნდა გავზარდოთ, რომ ჩვენი ფული მხოლოდ ჩვენ გვეხება. ფული უნდა ჩავაბრუნოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარგში, რომ ჩადებული ლარიდან გამოვიმუშაოთ გაოთხმაგებული, გაექვსმაგებული თანხა“, - აცხადებს სვიმონიშვილი.

„მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში ეს ცოდნა დეფიციტურია, თუმცა გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება.

„მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ხანდახან წავაწყდები ისეთ კარგ მეურნეობას, რომ ძალიან მოგეწონება. გაივლი გზაზე და შეხედავ, კარგი ბაღია, მოვლილი - ეტყობა, რომ მოსავალი აქვთ, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. ერთეულები არის ქვეყანაში.

საერთოდ, ჩემი აზრია, რომ რასაც კარგად გააკეთებ, ყველაფერი შეიძლება მომგებიანი იყოს. აქ ვერ იტყვი ხრუშჩოვივით, რომ მოდი, მარტო სიმინდი დავთესოთ, მაშინ როცა მთელმა საბჭოთა კავშირმა მონოკულტურა, სიმინდი დათესა. რასაც კარგად გააკეთებ, ცოდნით, აქვს შანსი რომ იცხოვროს“, - ამბობს მიხეილ სვიმონიშვილი.

სვიმონიშვილი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „მარგებელი ჰოლდინგისა“ და დმანისში ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ დამფუძნებელია. „კავკასიის“ ბაზაზე კი ყველის საწარმო ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები