მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შვეიცარიაში არ არის დიდი მეურნეობები და საქართველოშიც ვერ იქნება“ - მიხეილ სვიმონიშვილი

64b6670224055
დემეტრე ერგემლიძე
18.07.23 15:00
3510
მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი და დმანისში შვეიცარიული აგრარული სკოლის დამფუძნებელი, მიხეილ სვიმონიშვილი ჟურნალისტ დემეტრე ერგემლიძესთან ინტერვიუში საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფერმერს შემოსავლის შენარჩუნებისა და გაზრდისთვის საქმის სიყვარულთან ერთად, ცოდნაც სჭირდება.

„აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვაქვს: ერთი, რომ უნდა გიყვარდეს და მეორე - ცოდნა უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, ამ დარგში, თუ არ გიყვარს, ძალიან რთულია საქმიანობა. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, სამწუხაროდ. შეხედულებები, რომლებიც არსებობს, ბევრმა თავის თავზე გადატეხა. ბევრს ეგონა, რომ იაფი სფეროა, რაშიც ვგულისხმობ, რომ დანაზოგით ფიქრობენ ვენახის გაშენებას, ბაღის გაშენებას. ბევრმა ეს შეცდომა დაუშვა. დიდ ენერგიას მოითხოვს და შენ თვითონ თუ არ შრომობ, ძალიან რთულია წარმატებასთან მიხვიდე“, - ამბობს სვიმონიშვილი.

ბიზნესმენის თქმით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, რის გამოც აქ დიდი მეურნეობებისთვის საჭირო რესურსები არ არის და არსებული საძოვრებისა და სათიბების სწორად გადანაწილება გაცილებით მნიშვნელოვანია.

„შვეიცარია რომ ავიღოთ (სულ შვეიცარიის მაგალითები მომყავს, რადგან წარმატებულია ამ დარგში), იქ არ არის დიდი მეურნეობები და საქართველოშიც ვერ იქნება. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ბევრი პატარა ფერმერია, მაგრამ მთავარია რას დავარქმევთ ჩვენ, რა არის ეს, დიდი, პატარა თუ საშუალო, დეფინიციაც კი არ არის, ჰო? შვეიცარიაში თუ არ ვცდები 22 ძროხიანი ფერმა არის საშუალო. ანუ არ არის იქ 500 სულიანი ფერმები, არ აძლევს მიწა იქ ამის საშუალებას.

მთავარია, ჩვენი რესურსის კარგად ცოდნა შეგვეძლოს. საქართველოს აქვს სულ სამი მილიონი ჰექტარი. აქედან მილიონ-ნახევარი ჰექტარი არის საძოვრები და სათიბები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ღმერთმა რა რესურსიც მოგვცა, ჯერ იმ რესურსის გამოყენება უნდა დავგეგმოთ სწორად. თვალუწვდენელი მინდვრები გვაქვს და ამ დროს რძე შემოგვაქვს ქვეყანას?! პირველ რიგში, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს, რომ კერძო სექტორმა ეს რესურსი გამოვიყენოთ“, - აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.

ცნობისთვის, „მარგებელი ჰოლდინგის“ წარმოება „ნაბეღლავის“ და ბახმაროს მინერალური და მტკნარი წყლებს, Rauch-ის წვენებს, მარნეულის სასურსათო ქარხნის სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აერთიანებს. მიხეილ სვიმონიშვილს დმანისში გახსნილი აქვს შვეიცარიული აგრარული სკოლაც, სადაც ასევე აწაროებენ შვეიცარიული ტექნოლოგიით დამზადებულ ყველს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები