მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში არ არსებობს ერთი შემთხვევა, რომ ბეტონის კაშხალი მიწისძვრით დანგრეულიყო - დავით მირცხულავა

5fb7da64bd319
BM.GE
20.11.20 19:24
2651
"მინდა ვთქვა, რომ სეისმური დატვირთვის გამო მსოფლიოში არ არსებობს ერთი შემთხვევა, რომ ბეტონის კაშხალი დანგრეულიყო,"- გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა დავით მირცხულავამ. მისი თქმით, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე ჩატარდა კაშხლის ტექნიკური პარამეტრების სეისმური მედეგობის ახალი შეფასება, რომელიც ასევე ამტკიცებს მაღალი სეისმური აჩქარებების მიმართ ამ ობიექტის სიმყარეს. 

"მინდა ვთქვა, რომ სეისმური დატვირთვის გამო მსოფლიოში არ არსებობს ერთი შემთხვევა, რომ ბეტონის კაშხალი დანგრეულიყო. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდი, რომ სეისმური პარამეტრების ასახვა მოხდეს პროექტირების დროს. რადგან ნამახვანზე არის საუბარი, ვიცით, რომ იყო მრავალი არგუმენტირებული მოსაზრება, რომ სეისმური დარაიონება უნდა შეცვლილიყო და უფრო მაღალ აჩქარებებზე მომხდარიყო გათვლა. მინდა გითხრათ, რომ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია და ჩვენ სპეციალისტებმა განვიხილეთ ბულგარელი ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშები, სადაც ამ ანგარიშში მოცემულია მაღალი აჩქარებები არის ის რასაც ითხოვდნენ სპეციალისტები. ეს გათვლა გაკეთდა და ჩვენ გვაქვს ამ გათვლის შედეგები და ეს ამტკიცებს, რომ ეს ნაგებობა არის მაღალსაიმედო.

მოხდა რეალურად გადაანგარიშება ახალ აჩქარებებზე. ეს ნაშრომი იგზავნება როგორც ქართველ სპეციალისტებთან, ასევე დიდი კაშხლების კომიტეტის სურვილია, რომ ანალოგიური თხოვნით მიმართოს დიდი კაშხლების კომიტეტის სეისმურ კომიტეტს, რათა მათაც შეისწავლონ ეს ნაშრომი"-განაცხადა დავით მირცხულავამ.

გადაცემა "ანალიტიკაში" ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველომ მის ხელთ არსებული ენერგეტიკული პოტენციალის ათვისება ხელიდან არ უნდა გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველწლიურად გაიზრდება იმპორტულ ენერგიაზე დამოკიდებულება, რაც თავისმხრივ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას განაპირობებს. 

"როგორც აღინიშნა ტარიფის ზრდა მოსალოდნელია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ის, რომ საკუთარი ენერგო-რესურსების განვითარება არ ხდება და იზრდება ყოველწლიურად იმპორტზე დამოკიდებულება. ამასთანავე, არ ვიცით რამდენიმე წელიწადში რამდენად ძვირი შეიძლება იყოს ელექტროენერგია, შესაბამისად, მისი ფასის ზრდამ სოციალურ კატასტროფამდეც კი შეიძლება მიგვიყვანოს.

იმ ენერგეტიკულ რესურსებზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს გააჩნია იქნება უაღრესად არასწორი. ეს იგივეა, რომ არაბეთის ნახევარკუნძულმა რომ უარი თქვას თავის წიაღისეულ პროდუქციაზე. ეს იგივეა, რომ შვეიცარიას, ავსტრიას ან ნორვეგიას ეთქვა უარი თავის განახლებად ენერგიაზე. საბოლოო ჯამში საქართველოდან უამრავი თანხის გადინება ხდება ყოველწლიურად, რადგან მატულობს მოხმარება და კლებულობს ადგილობრივ ჰიდრო გენერაციაში ინვესტიციები. ვხედავთ, რომ ამ კლების მიზეზი არის სოციალური პირობები. ბატონ დავით მირცხულავასაც ეხსომება, რომ ხუდონჰესის პროექტის პერიოდიდან, 1980-იანი წლების ბოლოდან მაშინაც კი “კარგ პატრიოტობად და მამულიშვილობად ითვლებოდა, რომ შენ წინააღმდეგი ხარ ჰესების მშენებლობის”.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კომპანია მცირე ჰესების მშენებლობით არის დაკავებული, ჩვენ მცირე ჰესებით ვერ გადავფარავთ იმ ენერგოდეფიციტს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. საბოლოო ჯამში მოხმარების ის მოცულობა, რაც ჩვენ გვჭირდება მცირე ჰესების მეშვეობით ვერ იქნება დაფარული. კუმულატიური თვალსაზრისითაც რომ ავიღოთ ერთი დიდი ჰესი თუ 100 პატარა ჰესი, შეიძლება იმ 100-მა პატარა ჰესმა კუმულატიური ზემოქმედებით გადააჭარბოს კიდეც ერთ დიდ ჰესს,"- განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნამახვან ჰესის პროექტს უკვე 27-ე დღეა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. 

პროექტთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროექტი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით საკმაოდ კარგად არის გათვლილი. ამასთან, ადგილობრივთა ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ინვესტორის აქტიური ძალისხმევითა და სახელმწიფოს მედიაციით, შექმნილი ვითარება განიმუხტება.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.