მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარია, დროულად გაეშვას ეკონომიკა და 2-კვირიანმა ციკლებმა არ გადაიწიოს"

5ea56fd445f8c
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 15:23
2836
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გადაცემა “Forbes კვირაში” მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ გადასადგემ ნაბიჯებს ეხება. ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო სექტორისთვის ახლა ის არის, რომ ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი სქემა განხორციელდეს ისე, როგორც დაგეგმილია - 2-2 კვირიანი შუალედებით - და მათი გადავადება არ მოხდეს.

ბუცხრიკიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას 3 ნაწილად ყოფს - უცხოელი პარტნიორებისგან ფინანსების მოზიდვა, ეკონომიკის გახსნის გეგმა და სოციალური დახმარებები.

“მთავრობამ კარგად იმუშავა უცხოეთიდან ფინანსური რესურსის მობილიზებაზე და როგორც პრეზენტაციაშია ნათქვამი, 3 მილიარდი დოლარის შეგროვება შეძლო, რაც მნიშვნელოვანი იყო. თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა მობილიზებული.

მეორე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დროში გაწერილი გეგმა, რომელიც მოცემულია - საუბარია გეგმაზე, თუ რა უნდა ამუშავდეს ყოველ 2 კვირაში. გვაქვს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბიზნესი, ვინც ამ 2-კვირიან პროცესებში გავდივართ, რეალურად ამოქმედდეს. თუ ეს ამოქმედდება, მჯერა, რომ ეკონომიკა ამუშავდება და დაუბრუნდება თავის მაჩვენებლებს. მთავარია, დროულად გაეშვას ეკონომიკა და 2-კვირიანმა ციკლებმა არ გადაიწიოს”,- აცხადებს ბუცხრიკიძე.

ამასთან მისი თქმით, მოსაფიქრებელია ე.წ. სმარტ გადაწყვეტილებები. ბუცხრიკიძეს ხორვატიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ქვეყანა, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული, განიხილავს ჩარტერული რეისების დანიშვნას იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ცოტა შემთხვევაა. ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ საქართველომაც უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილს - სოციალურ დახმარებას მოსახლეობისთვის. ბუცხრიკიძე ამბობს, რომ რესურსები შეზღუდულია, თუმცა, მთავრობა უნდა ეცადოს დაეხმაროს ყველა ადამიანს, ვინც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა.