მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროზე ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა

61a49bea4d29b
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.21 13:39
537
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდის რეფორმირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე წლის დეკემბერში შევა. თემასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდის რესტრუქტურიზაციის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები კანონპროექტის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი.აღსანიშნია, რომ ამ დრომდე უცნობი რჩება რეფორმირებული ფონდის დაფინანსების წყარო.

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად თქვა, რომ ამ ეტაპზე ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე საუბარი არ არის.

„საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს გარკვეულ პერიოდში საპარტნიორო ფონდის ფინანსური აუდიტის და რესტრუქტურიზაციის აუდიტის მომზადება დაევალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფინანსურად ძლიერი, უფრო თვითკმარი და მდგრადი უნდა იყოს ამ თვალსაზრისით. სხვადასხვა პრობლემური აქტივისგან გათავისუფლების და მათი განკარგვის გეგმაც დაიდება. აქედან გამომდინარე, ამ სტრუქტურის სრული განახლება და რეფორმირება მოხდება. უფრო მეტი დეტალი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კანონპროექტი იქნება წარდგენილი.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტშია, საპარტნიორო ფონდის დაფინანსების მუხლი არ დევს, ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უფრო უპრიანია მიღებულ იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულ სურათს დავინახავთ და ეს დავალება ფონდში განახლებულ ბორდს მიეცემა, რომ მოამზადონ ფონდის ფინანსური რესტრუქტურიზაციის გეგმა.

საპარტნიორო ფონდში საკმაოდ დიდი რესურსია, მათ შორის სხვადასხვა აქტივის განკარგვის გზით. საუბარია არა სტრატეგიულ, არამედ საპროექტო აქტივებზე, რადგან საპარტნიორო ფონდი წლების მანძილზე სხვადასხვა მცირე პროექტის განვითარებას და ამ პროექტებიდან ეტაპობრივი გამოსვლის გზით შეიძლება ფონდში ძალიან სოლიდური რესურსები გაჩნდეს.

პირველ რიგში, ამ თვალსაზრისით წავალთ, რომ საკუთარი რესურსები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ასევე მომავალში, როდესაც საპარტნიორო ფონდი სრულად კორპორატიზირებული იქნება, პერსპექტივა, რომ გარე რესურსების მოზიდვა მოხდეს, გაჩნდება. ამ ეტაპზე კონკრეტულად ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა: „მნიშვნელოვანია, რომ აქ მთავარი ხაზი დარჩეს კაპიტალშენატანი. დღეს სესხის თვალსაზრისით, ბევრი მექანიზმი არსებობს თუნდაც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების თანადაფინანსება მეტად ხელმისაწვდომია, მაგრამ კვლავ კაპიტალის ნაკლებობაა ანუ იმ რესურსის, რომელიც კაპიტალის ფორმით არის წარმოდგენილი. ეს მიმართულება და პრიორიტეტი განახლებულ საპარტნიორო ფონდში დარჩება, თუმცა ახლებურად ჩამოყალიბდება პრიორიტეტები, თუ რა ტიპის პრიორიტეტები და რა ტიპის ბიზნესები როგორი ფორმით უნდა იყოს დაფინანსებული. მე არ მინდა უფრო შორს წავიდე დეტალებში, კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი და მთავრობა მასზე იმსჯელებს“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ნათია თურნავამ საპარტნიორო ფონდის დაფინანსების მოდელზე საუბრისას ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების უპირატესობაზე ისაუბრა. "ბიუჯეტიდან დაფინანსება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაკონტროლდეს, თუ სად მიდის თითოეული ლარი", - აღნიშნა მინისტრმა.

საქმე ისაა, რომ 2022 წლიდან საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობაზე ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა. აღნიშნული პარლამენტის საშემოდგომო სესიის საკანონმდებლო ინიციატივების კალენდარში ეწერა.