მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა დაფინანსდეს საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან? - ნათია თურნავას არგუმენტი

61557a9b13cdd
ინგა მურუსიძე
30.09.21 13:02
689
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მომხრეა, რომ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს და არგუმენტად გამჭვირვალეობა მოჰყავს. 

"ბიუჯეტიდან დაფინანსება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაკონტროლდეს, თუ სად მიდის თითოეული ლარი", - აღნიშნა მინისტრმა.

საქმე ისაა, რომ საპარტნიორო ფონდი 2022 წლიდან, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება - ამის შესახებ ცნობილი გახდა დოკუმენტიდან, რომელშიც პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე განსახილველი საკითხები იყო ჩამოწერილი. 

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ სახელმწიფოს გვერდით დგომის გარეშე, შეიძლება, ბევრი საწარმო ვერ ამოქმედდეს ან ვერ განვითარდეს, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში.  ამ პერიოდში სახელმწიფოები ბიზნესს ბევრს ეხმარებიან, ასე ვიქცევით ჩვენც. ბიზნესის დახმარება შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტით, ესენია - სესხის პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ან ე.წ. კაპიტალშენატანი - ამ კუთხით, ძალიან კარგი ინსტრუმენტი არსებობს საპარტნიორო ფონდის სახით.

ის უნდა იყოს მეტად კორპორატიზებული, მეტად გამჭვირვალე, მისი ამოცანებიც უნდა მოერგოს მიმდინარე მოვლენებს, უნდა იყოს ორიენტირებული ექსპორტზე და ა.შ. რაც შეეხება ანგარიშვადლებულებას და გამჭვირვალობას, ბიუჯეტიდან დაფინანსება ერთ-ერთი მარტივი გზაა, რომ მეტად ვხედავდეთ, სად მიდის თითოეული ლარი. მე ამის მომხრე ვარ, რადგან მეტად გამჭვირვალეს გახდის ფონდის საქმიანობას. თუ ვამბობთ და ვამბობთ, რომ ეს ინსტრუმენტი გვჭირდება, მაშინ კიდეც უნდა დავაფინანსოთ“, - განაცხადა თურნავამ.

ჟურნალისტმა მინისტრს სთხოვა დაესახელებინა ორი საწარმო, რომლის კაპიტალშიც საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა მოგებიანი აღმოჩნდა. 

„მაგალითად დაგისახელებთ მაღალტექნოლოგიურ საწარმო "ელბიტს", რომელიც კომპოზიტური მასალებიდან აწარმოებს "ბოინგისა" და "ეარბასის" ნაწილებს. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს გახსნა პანდემიას დაემთხვა, მიბრძანდით და ნახეთ, რამდენად მაღალია მათი გაყიდვები“, - განაცხადა მინისტრმა.

რატომ უნდა დაფინანსდეს საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან? - "შემოსავლების გარეშე დავრჩით"