18.დეკემბერი .2022 10:15

როდის გადაიქცევა თურქეთი კასპიური გაზის ჰაბად (გაგრძელება)

 როდის გადაიქცევა თურქეთი კასპიური გაზის ჰაბად (გაგრძელება)
views 1510
უკან

„გაზპრომმა“, შესაძლოა, ევროკავშირის „დერეფანთან“ გაერთიანების იდეა გაიხსენოს.
საინტერესოა, რომ ე.წ. თურქული ჰაბის იდეამდე, ქართული ჰაბის იდეა არსებობდა!

თავის დროზე ექსპერტები, გლობალური ენერგოპროექტების ფინანსური პრობლემების ფონზე, არ გამორიცხავდნენ ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტების გაიაფების და გაზის დამატებითი მოცულობების მოზიდვის მიზნით, მათ სხვადასხვა ფორმით ტრანსფორმაციას. ერთ-ერთი ასეთი ტრანსფორმაციული იდეა იყო ევროპული და რუსული გაზის ნაკადების გაერთიანება ევროპის გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად. ეს საკითხი პირველად 2010 წლის დასაწყისში ექსპერტებს შორის დაისვა. 2011 წლის 10 იანვარს, ის კვლავ წამოჭრა აშშ-ის ელჩმა იტალიაში დ. ტორნმა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ პროექტზე მსჯელობა მთავრობაში ან პარლამენტში არ ყოფილა და დისკუსიები მხოლოდ ექსპერტულ წრეებში მიმდინარეობდა. ამგვარი გაერთიანების იდეას, რუსეთში მართალია მაშინ ღიად უარყოფდნენ, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, ახლა უკრაინასა და ბელორუსიაში დასავლეთის მარშრუტის გაზსადენების სიმძლავრის სანახევროდ შეზღუდვამ, აგრეთვე „ჩრდილოეთის ნაკადი“ 1 და 2 წინაშე წამოჭრილმა პრობლემებმა, შეიძლება კატალიზატორის როლი ითამაშოს და „გაზპრომი“ აიძულოს, ევროპულ ბაზარზე თავისი გაზის ნაწილი არა თურქეთისკენ ახალი გაზსადენის აგებით, არამედ გაცილებით ნაკლებ დანახარჯიანი მარშრუტებითაც გადაგზავნოს. ამ პროექტებიდან უკრაინასთან, მხოლოდ ყველაზე ნაკლებად დამუშავებული, ჯერ იდეის დონეზე არსებული, „თეთრი ნაკადი“ (White Stream) - საქართველო-უკრაინა-რუმინეთის გაზსადენი იყო ასოცირებული, რომელიც ყირიმის ანექსიის პირობებში განუხორციელებელია. თანაც, უკრაინის გაზის ქსელის (GTS) გამტარუნარიანობა შეზღუდულია და ომის პირობებში ამ ქსელში ახალი მოცულობების ჩართვაზე ლაპარაკიც კი ზემდეტია. ექსპერტების გათვლებით, ომისშემდგომ უკრაინაზე ტრანზიტი, გაზზე ევროპის მზარდ მოთხოვნას მალე ვეღარ დააკმაყოფილებს.

ამიტომ, რუსული და ევროპული პროექტების არა უკრაინის საშუალებით, არამედ სხვა ფორმატში გაერთიანებას, ახლა რუსეთმა შეიძლება დაუჭიროს მხარი. რუსულ ექსპერტულ წრეებში უკვე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ შეიძლება მოსკოვში ევროპული „დერეფნის“ გაზსადენებთან რუსული აირის დაკავშირების ადგილის მოძიება დაიწყონ და ა/წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტამდე აზერბაიჯანში 1 მლრდ კუბ.მეტრი რუსული გაზის მიწოდების შესახებ, „გაზპრომსა“ და „სოკარს“ შორის გაფორმებული შეთანხმება, ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯად ჩაითვალოს.

დღევანდელ პირობებში, ერთადერთი ადგილი, სადაც რუსეთის და კასპიისპირეთის გაზის დასავლური მარშრუტები იკვეთება, არის საქართველო. ერთი მხრივ, საქართველოში გადის „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი“, რომელიც რუსეთის ქ. მოზდოკიდან საქართველოს ტერიტორიით სომხეთს უკავშირდება. მეორეს მხრივ, ის გარდაბანსა და ჯანდარას შორის კვეთს ევროკავშირის „დერეფნის“ პროექტს - „სამხრეთკავკასიურ გაზსადენს“ (SCP), რომლითაც ამჟამად „შაჰ-დენიზის“ ორივე სტადიის გაზი არა მარტო თურქეთს, არამედ მისი გავლით - TANAP და TAP გაზსადენებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც მიეწოდება (იხ. სქემა 1). SCP გაზსადენიდან საქართველო, სატრანზიტო მოსაკრებლის სახით, გატარებული გაზის 5%-ს იღებს უფასოდ, 5%-ს - შეღავათიან ფასად.

„ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური“ და „სამხრეთკავკასიური“ გაზსადენები საქართველოს ტერიტორიაზე.

სქემა 1



მოზდოკიდან სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი“ ორი დაწყვილებული მილისგან შედგება, - ძირითადი მილის დიამეტრია 1200 მმ, ხოლო სათადარიგოსი, - 700 მმ. დღეს ამ გაზსადენის ძირითადი მილით გაზი სომხეთს და საქართველოში მოქმედ ზოგიერთ მსხვილ საწარმოს მიეწოდება. საქართველოს მოსახლეობა ე. წ. სოციალურ გაზს 2007 წლიდან აზერბაიჯანიდან იღებს - ნაწილს SCP-იდან, „შაჰ-დენიზი 1“-ის და „შაჰ-დენიზი 2“-ის გაზის „დერეფანში“ ტრანზიტის საფასურად, და ნაწილს SOCAR-იდან ვყიდულობთ, რასაც კაზიმაგამედ-გაზახი-თბილისის გაზსადენით ვიღებთ.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, მოზდოკი-სომხეთის „მაგისტრალური გაზსადენი“, საპროექტო სიმძლავრესთან შედარებით (წლიურად 18 მლრდ კუბ.მეტრი), გაცილებით ნაკლები დატვირთვით (საშუალოწლიურად 1.93-2.50 მლრდ კუბ.მეტრი) მუშაობს, თუმცა საბჭოთა პერიოდშიც, მისი დატვირთვა არ აჭარბებდა წლიურად 9.5 მლრდ კუბ.მეტრს. „მაგისტრალური გაზსადენიდან“ ტრანზიტის საფასურად „საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“ 2018 წლამდე იღებდა რუსული ტრანზიტის 10%-ს, რაც 2008-2016 წლებში დღიურად 200 - 250 მლნ კუბმეტრის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი საქართველოს გაზის მოხმარების 11.0-11.2%-ია. 2018 წლიდან საქართველოზე ტრანზიტს „გაზპრომი“ ვალუტით ანაზღაურებს.

აღსანიშნავია, რომ როგორც სომხეთის კონტროლის პალატის ჯერ კიდევ 2009-10 წლების ენერგო-სისტემის შემოწმების მასალებიდან ირკვევა, სომხეთში იმპორტირებული ირანული გაზის ნაწილი საქართველოსაც მიეწოდებოდა, რის სანაცვლოდაც სომხეთში „ერევნის თბოელექტროსადგური“ იმ წლებში საქართველოდან იღებდა ელექტროენერგიას თანაფარდობით, - 1 კუბმეტრ ირანულ გაზში 4.5 კვტ/სთ ელექტროენერგია.

სომხეთში იგივე ელექტროსადგური, 1 კუბმეტრ ირანულ გაზში, რომელიც მას „არმროსგაზპრომის“ თავრიზი-მეგრის გაზსადენით მიეწოდებოდა, ირანს უბრუნებდა 3 კვტ/სთ ელექტროენერგიას. ნათელია, რომ „ერევნის თბოელექტროსადგური“ საქართველოში გატანილსა და ირანიდან მიღებულ გაზის ყოველ კუბ.მეტრს შორის 1.5 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტოლ სხვაობას იღებდა. ამის შედეგია, რომ თუ 2009 წელს „ერევნის თბოელექტროსადგურმა“ საქართველოში 259 მლნ დრამის გაზი შემოიტანა, უკვე 2010 წელს ეს მაჩვენებელი გაათმაგდა და 2.2 მლრდ დრამი შეადგინა, რამაც სომხეთს მაშინ საკმაოდ დიდი რაოდენობით იაფი ქართული ელექტროენერგია მისცა.

ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ერთ-ერთი მილით საქართველოს, ჯერ კიდევ 2009 წელს, ირანული გაზის მცირე რაოდენობა სომხეთის გავლით, უკვე მოეწოდებოდა. თუ ვთქვათ, ამ „მაგისტრალური გაზსადენის“ 1200 მმ-იანი მილი ქ. გარდაბანთან ევროპული „დერეფნის“ „სამხრეთკავკასიურ გაზსადენს“ (SCP) დაუკავშირდება, მაშინ ის შესაძლებელია გადაიქცეს რუსული გაზის ერთი ნაწილის დასავლეთში საექსპორტო ახალ მარშრუტად. ეს გაზი, SCP-ს გავლით, შემდგომში ევროპული „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სხვა გაზსადენებით, თურქეთიდან ევროპაში გაიგზავნება. სომხეთის მოხმარებისთვის კი გაზი შეიძლება გაიგზავნოს 700-მმ-იანი სათადარიგო მილით. ამ სქემამ შესაძლოა ბრიუსელის მხრივ წინააღმდეგობა არ წარმოშვას ომის პირობებში რუსული გაზის იმპორტის დრამატულად შემცირების და გაზის ფასების ზრდის პირობებში. სავარაუდოდ, აშშ-ს მხრივაც გაზსადენების გაერთიანების იდეა კვლავ მხარდაჭერილი იქნება, რადგან ეს პროექტი ევროპაში გაზის საექსპორტო მარშრუტებს შორის კონკურენციის შესუსტებას ისახავს მიზნად. ამავე მიზეზით, ეს იდეა ევროკავშირის ფინანსური პრობლემების ფონზე, შესაძლოა მალე ბრიუსელისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს. ეს ევროპას გაზმომარაგების ალტერნატიული მარშრუტების განხორციელებას გაუადვილებს, ვინაიდან ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაძლიერებით უკვე მოსკოვიც დაინტერესდება და მოიხსნება ამ „დერეფნისადმი“ რუსეთის ანტაგონიზმი.

მეტიც, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი თვლის, რომ ეს კავშირი რუსულ და ევროპულ პროექტებს ურთიერთშემავსებელს გახდის, რითაც საქართველომაც შეიძლება ნახოს სარგებელი. კერძოდ:

ჯერ ერთი, ამ გზით გაიზრდება საქართველოზე გამავალი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზის ნაკადები. შესაბამისად, მოიმატებს ქვეყანაში უფასოდ და შეღავათიანად დარჩენილი გაზის მოცულობა. ამით შეივსება ნახევრად დაუტვირთავი SCP და „მაგისტრალური“ გაზსადენები, და საქართველოს სატრანზიტო ამონაგები გაიზრდება, ისე რომ დამატებით ხარჯების გაწევა არც ქვეყნის ბიუჯეტიდან და არც დასავლეთელი დონორების მხრიდან საჭირო არ იქნება, - აუცილებელი იქნება მხოლოდ მილების გადაკვეთაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯანდარაში ე. წ. ინტერკონექტორის აგება.

მეორე, გაიზრდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რადგან SCP-სთან მიერთებით რუსეთი დაინტერესდება „მაგისტრალური გაზსადენის“ მაქსიმალურად შევსებით და მისი გამართული მუშაობით, რადგან ეს მილი რუსეთს ახალი მარშრუტით, მაღალი წარმადობის დასავლურ საექსპორტო გაზსადენებთან დააკავშირებს. ასევე, გაიზრდება დასავლეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნად გამოყენების ინტერესი, რადგანაც საქართველო (და არა თურქეთი) გადაიქცევა გაზმომარაგების რეგიონალურ კვანძად - “ჰაბად”. მესამე, SCP-სა და „მაგისტრალური“ გაზსადენების ურთიერთდაკავშირება ირანისა და სომხეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა ამასწინათ განაცხადა, რომ ირანი აპირებს სამჯერ გაზარდოს გაზის ექსპორტი და მსოფლიო გაზით ვაჭრობაში თავისი წლი 2012 წლის 2%-დან 2023 წლის ბოლოსთვის 10%-მდე გაზარდოს. ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ ამას თეირანი თავისი გაზის რუსეთში (რომელი მილით, უცნობია?! - არაა გამორიცხული, ისე როგორც 2006 წელს, გარკვეულმა ძალებმა ისევ დააყენონ „მაგისტრალური გაზსადენის“ პრივატიზების საკითხი, რაც დაუშვებელია რათა ეს ორი დაწყვილებული მილი რევერსულად, ირანული გაზის რუსეთისკენ გადამისამართებისთვის არ იქნას გამოყენებული) და სხვა მეზობელ ქვეყნებში გატანით შეეცდება.

ენერგეტიკული დარგის ქართველი ექსპერტების (დ. ელიაშვილი, თ. გოჩიტაშვილი, ლ. ჯერვალიძე) ნაშრომებში მითითებულია, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ძირითადი მილი, რომლითაც ის ქ. გარდაბანთან SCP-ს შეუერთდება, შესაძლებელია მეორე ბოლოდან რევერსით, „თავრიზი-მეგრის“ გაზსადენის და სომხეთის გაზის ქსელის გავლით, გახდეს გარდაბნის მომავალ „ჰაბში“ ირანული გაზის სამხრეთიდან მიღების საშუალება. თავის დროზე – 2005-2006 წლებში, ამ აზრს, სრულიად სამართლიანად, „მაგისტრალური გაზსადენის“ პრივატიზაციის მოწინააღმდეგეები ავითარებდნენ. ეს იდეა სომხეთის ახლანდელი მთავრობისთვის მისაღებია, რადგან ამ გზით ის თავის დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და პანევროპულ პროექტში ჩაერთვება. თანაც, ერევანი რუსეთისაგან ტრადიციულ, სტაბილურ გაზმომარაგების წყაროს, ხოლო ირანიდან - უკვე გაზის სატრანზიტო მოსაკრებლებს მიიღებს. ამასთან, რუსეთიდან სომხეთის გაზმომარაგება ჩვეულებრივ გაგრძელდება „მაგისტრალური გაზსადენის“ 700 მმ-იანი სათადარიგო მილით, რომლის სიმძლავრე, სომხეთის დღევანდელ მოთხოვნილებას (2011-2021 წწ. ეს მაჩვენებელი საშუალოწლიურად დაახლოებით 2.5 მლრდ კუბმეტრი იყო), სრულად დააკმაყოფილებს.

ამრიგად, გარდაბნის რუსულ-აზერბაიჯანული გაზის „ჰაბი“ რეგიონის ყველა ქვეყნის, და რაც მთავარია – საქართველოს, ინტერესებს დააკმაყოფილებს. ერთადერთი პრობლემა ამ პროექტის განხორციელებაში ანტირუსული და ანტიირანული სანქციებია!

შეუძლია თუ არა რუსეთს გაზის ევროკავშირში ფარულად შეტანა ე.წ. თურქული ჰაბით? რუსეთი, შესაძლოა, იმედოვნებს, რომ ირიბად შეინარჩუნებს ევროპაში თავისი ყოფილი ბაზრის ნაწილს. ამიტომ, რუსეთი ხელს უწყობს თურქეთს რომ ის ჩამოყალიბდეს როგორც ევროპაში მისი გაზის მიწოდების „ჰაბი“. ანალიტიკოსები კითხულობენ, არის თუ არა ეს ანტირუსული სანქციების თავიდან აცილების ხრიკი და ფარულად გაგრძელდება თუ არა რუსული გაზის ექსპორტი ევროკავშირის წევრებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულებას. ევროკავშირის ბევრმა წევრმა პირობა დადო, რომ უახლოეს წლებში მთლიანად შეაჩერებს რუსული გაზის იმპორტს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის ოქტომბერში შესთავაზა თურქეთს შექმნას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების ჰაბი, მას შემდეგ რაც 2022 წლის 26 სექტემბერს აფეთქებებმა გაანადგურა ორივე „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის ოთხიდან სამი მილი, რომლებიც გადის ბალტიის ზღვის ფსკერზე.

რუსეთს აქვს დარჩენილი რამდენიმე ვარიანტი ევროპაში გაზის გასაგზავნად. რუსეთისა და პოლონეთის მიერ ურთიერთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და კონტრსანქციებმა ხელი შეუშალა რუსული გაზის დასავლეთის მიმართულებით გადინებას წლიურად 33 მილიარდი კუბური მეტრი წარმადობის „იამალი-ევროპის“ მილსადენით, რომელიც კვეთს რუსეთიდან ბელარუსს და უკავშირდება პოლონეთს.

იმავდროულად, რუსეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებულმა ომმა შესაძლოა ყოველ წუთს გამოიწვიოს 100 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა რუსეთ-უკრაინის მარშრუტით. ამდენად, სტაბილური გაზმომარაგება ევროპას რჩება მხოლოდ წელიწადში 31,5 მილიარდი კუბური მეტრის წარმადობის მილსადენით „თურქული ნაკადით“, რომელიც გადის შავი ზღვის ფსკერზე, როგორც მოქმედი სატრანსპორტო მარშრუტი, თუმცა მისი სიმძლავრის მხოლოდ ნახევარი გამოიყენება გაზის ევროპაში გადასატანად, დანარჩენი კი თურქეთის ბაზარს ეთმობა. და ჯერ კიდევ 2003 წელს აგებული, ასევე რუსეთიდან თურქეთში, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 16 მლრდ კუბ.მეტრი გაზის წლიური წარმადობის მილსადენით „ცისფერი ნაკადი“...

რუსეთის წინადადებაა, რომ კიდევ ორი მილი დაემატოს „თურქულ ნაკადს“, რათა გაორმაგდეს მისი სიმძლავრე. თავად თურქეთის ბაზარი უკვე გაჯერებულია, მაგრამ თურქეთს აქვს წვდომა არა მხოლოდ აზერბაიჯანულ და ირანულ გაზზე, არამედ თხევად გაზზეც (LNG), რასაც ყატარიდან და ალჟირიდან ყიდულობს. ასევე, თურქეთი მიზნად ისახავს პირველი საკუთარი ბუნებრივი აირის მოპოვებას ოფშორული „საკარიას“ საბადოდან 2024 წელს, რომელიც სავარაუდოდ დაფარავს მის მზარდ მოთხოვნას გაზზე მომდევნო წლების განმავლობაში. თეორიულად, თურქეთს შეუძლია ევროპაში გადაამისამართოს მთელი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზი, რომელიც ევროპის მილსადენების სისტემაში კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იქნება გადატუმბული.

მოსკოვი არ მალავს თავის ამბიციებს. კრემლს სურს თურქეთში რუსული გაზის გაგზავნა ევროპაში შემდგომი ტრანსპორტირებისთვის რადგანადაც მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის უფრო და უფრო მეტი წევრი ქვეყანა და კომპანია ეტაპობრივად შეწყვეტენ რუსული გაზის მოხმარებას მომდევნო წლების განმავლობაში. რუსეთის გეგმა, როგორც ჩანს, არის ჭარბი გაზის მიწოდება თურქეთისთვის, რომელიც შემდგომში ევროპელ მყიდველებზე იქნება გადაყიდული.

ბუნებრივი აირის ჰაბში მოხვედრილი გაზის მოლეკულები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. და იმის გადაწყვეტა, თუ რა რაოდენობისაა რუსული წარმოშობის გაზი, რომელსაც ევროპა თურქეთიდან იღებს, რთული გასარკვევია. მაგალითად, უკრაინამ წლების წინ შეწყვიტა გაზის იმპორტი რუსეთიდან და მისი იმპორტის დიდ ნაწილს პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან იღებს; თუმცა, ეს გაზი საბოლოო ჯამში, ხომ რუსული წარმოშობისაა!

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის გეგმები (როგორც ეს ჩვენს წინა წერილში გავაშუქეთ - ზ.გ.) ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მის ხორცშესხმას წლები დასჭირდება. არც მოსკოვს და არც ანკარას არ გაუკეთებიათ კომენტარი მისი შექმნის ზუსტ ვადებზე, ან ახალი მილსადენის ინფრასტრუქტურის ხარჯთაღრიცხვაზე. მაგრამ თუკი „თურქული ნაკადის“ (TurkStream) აგება ღირდა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი სიმძლავრის გაზრდა წელიწადში 63 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაახლოებით 5-ჯერ მეტი დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ „თურქული ნაკადის“ წარმადობა თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 60 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით, მაგრამ მოსკოვმა გადაწყვიტა, მისი სიმძლავრის განახევრება 2015 წლის ოქტომბერში, რადგან თურქეთმა, ადრე შეპირებულთან შედარებით, უფრო ნაკლები ინტერესი გამოხატა რუსული გაზის შესყიდვაზე. რამდენიმე თვით ადრე გაზპრომმა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ასევე წარადგინეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის (Nord Stream 2) გეგმა, რომელიც ითვლებოდა უკეთეს, არასატრანზიტო მარშრუტს ევროპაში რუსული გაზის გასაგზავნად, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მაშინ მოსალოდნელი იყო გერმანიასთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება.

აზერბაიჯანის გარეშე, რუსეთს გაუჭირდება „თურქული ნაკადის“ ძვირადღირებული გაფართოების სამუშაოების განხორციელება, დასავლეთის მიერ მისი ეკონომიკური იზოლაციის ფონზე - სწორედ საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობაა მთავარი დაბრკოლება, მაგრამ მოსკოვს შეიძლება ასევე ჰქონდეს იმედი, რომ ევროკავშირი ამისთვის რაღაცას მაინც გააკეთებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პირადად გაემგზავრა ბაქოში 2022 წლის ივლისში, რათა ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც აორმაგებს აზერბაიჯანის გაზის ევროპაში მიწოდებას. ევროკავშირი ითხოვს 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრი აირის შეძენას. ამის გაკეთებას დასჭირდება კასპიის ზღვის საბადოების შემდგომი განვითარება და „სამხრეთის გაზის დერეფნის“ (SGC) მილსადენის ქსელის გაფართოება, რომელიც თურქეთიდან სამხრეთ ევროპაში გადის.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელ-ბაქოს შეთანხმება მიზნად ისახავს რუსული გაზის მიწოდების ჩანაცვლებას, მან შესაძლოა მოსკოვს გარკვეული შესაძლებლობაც მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი არის გაზის წმინდა ექსპორტიორი, ის ასევე განიცდის შიდა გაზის მიწოდების პრობლემებსაც, რადგან მთავრობა დიდი ხანია პრიორიტეტს ანიჭებს გაზის გაყიდვას საზღვარგარეთ ვიდრე შიდა მოთხოვნილებებზე მის გამოყენებას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს ექსპორტის შემოსავლები. ამით იყო განპირობებული ბრიუსელის გაკვირვება „გაზპრომის“ 2022 წლის ნოემბერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ რუსული მონოპოლია განაახლებს გაზის ექსპორტს აზერბაიჯანში, რათა დაეხმაროს მისი შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ცნობილია, რომ სწორედ „გაზპრომი“ იყო აზერბაიჯანისთვის გაზის მიმწოდებელი 2000-2006 წლებში, მაგრამ შემდეგ ქვეყანამ სწრაფად გააფართოვა საკუთარი გაზის წარმოება BP-ის მიერ ოპერირებად „შაჰ-დენიზის“ საბადოებზე, რამაც მას საშუალება მისცა არა მხოლოდ დაეფარა საკუთარი გაზის საჭიროებები, არამედ საქართველოსა და თურქეთშიც განეხორციელებინა ექსპორტი. კასპიური გაზის დიდი ნაწილი უცხოელ მყიდველებს ჰქონდათ დაკონკრაქტებული, თუმცა აზერბაიჯანი კვლავ დაუბრუნდა რუსეთიდან იმპორტს 2017-2018 წლებში, მაგრამ შესყიდვები კვლავ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც „შაჰ-დენიზის“ განვითარების მეორე ეტაპის პირველი გაზი წამოვიდა 2019 წელს. უკვე 2022 წლის ნოემბერში „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ კიდევ ერთხელ განაახლებს გაზის მიწოდებას აზერბაიჯანში - დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი კუბური მეტრი ზამთარში პიკური მოთხოვნის დასაფარად.

შესაბამისად, რუსეთს შეუძლია უფრო მეტი გაზიც მიჰყიდოს აზერბაიჯანს, დაფაროს მისი შიდა მოთხოვნის უმეტესი ნაწილი, და ეს თავის მხრივ, აზერბაიჯანს აირის უფრო მეტ მოცულობას გაუთავისუფლებს ევროკავშირში გასაგზავნად. ეს, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ევროკავშირის ძალისხმევას, ჩამოერთვას რუსეთს გაზის გლობალური ბაზრის წილი - რუსული გაზი უბრალოდ სხვაგან გაიყიდება.

რუსეთი ახორციელებს მსგავს სქემას ნავთობზე საუდის არაბეთის სამეფოსთან (KSA): რუსეთი მასზე ყიდის ნავთობს, რომელსაც ეს უკანასკნელი ამუშავებს თავისი შიდა საჭიროებისთვის, და ამით ათავისუფლებს მეტ არასანქციონირებულ ნავთობს საექსპორტოდ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისთვის მეტი გაზის მიყიდვის სტრატეგია და თურქეთის გამოყენება ევროპაში გაზის უწყვეტი, მაგრამ არაპირდაპირი მიწოდების გამტარად, იქნება მოსკოვის ლოგიკური პასუხი ევროკავშირის ვალდებულებაზე, გაწყვიტოს ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან, მაგრამ ეს სქემა ასევე შეიცავს რისკებს:

უპირველეს ყოვლისა, ეს თურქეთს უაღრესად ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომელსაც შეუძლია შეწყვიტოს რუსული გაზის დიდი მოცულობების ევროპაში ექსპორტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის შემთხვევაში. ბოლო პერიოდში რუსეთსა და თურქეთს არასახარბიელო ურთიერთობა ჰქონიათ - განსაკუთრებით 2015 წლის ბოლოს, როდესაც თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი, რომელიც სირია-თურქეთის საზღვართან მიფრინავდა. მომდევნო წლებში მხარეებმა მიაღწიეს დაახლოებას.

ასევე თურქეთის გავლით გაზის ტრანზიტი ანკარას დიდ სატრანზიტო შემოსავლებს მისცემს. სწორედ არასატრანზიტო სტატუსმა გახადა „ჩრდილოეთის ნაკადი“ 1 და 2 მილსადენები (Nord Stream 1,2) რუსეთისთვის ყველაზე სასურველ მარშრუტად - სატრანზიტო გადასახადები ამ მილებით გაზის გადატუმბისას არ იყო საჭირო და იაფი რუსული გაზი ევროპის შუაგულში, რუსული ვიბორგიდან გერმანულ გრეიფსვალდში, ტრანზიტული ქვეყნების გვერდის ავლით შედიოდა, მაგრამ, თუ რუსული გაზი ევროპაში თურქეთის გავლით, ფარული გზით გაიყიდება, მაშინ ტრანზიტის საფასური გაიზრდება, ვინაიდან თურქეთი იყიდის გაზს საბაზრო ტარიფით, შემდგომში კიდევ უფრო მაღალ ფასად მის გასაყიდად.

იმავდროულად ნათელია, რომ აზერბაიჯანის გაზის ბაზარი რუსეთს არ შესთავაზებს ისეთივე მაღალ ანაზღაურებას, რასაც ევროპა უზრუნველყოფს, თუმცა მიმდინარე ომის ფონზე, ევროპაში „გაზპრომის“ საბაზრო წილის უმეტესი ნაწილის შეუქცევადი დაკარგვის საპირწონედ, აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული მარშრუტებით ექსპორტი შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი მოსკოვისთვის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთს გაცილებით მეტი დრო დასჭირდება აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის - ჩინეთის და ინდოეთის მიმართულებით გაზის დამატებითი საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.