მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრეზიდენტი: EU-ს წევრობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით "ბრმა ოპტიმიზმი" არ მაქვს

62ab5142c8052
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 19:44
1034
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით "ბრმა ოპტიმიზმი" არ აქვს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე მის მიერ დაანონსებულ ევროპული მომავლის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის ხვალინდელი რეკომენდაციები იმის მიმანიშნებელი იქნება, თუ რა მიმართულებით აქვს სამუშაო საქართველოს და ამ რეკომენდაციების შესრულებისას პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

„მე რომ სიტყვით გამოვედი და აქ რომ მოვედი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით(საქართველოსთვის EU-ს წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით) ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს. თუმცა საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომელმაც ნაბიჯები უნდა გადადგას და ალბათ ხვალინდელ რეკომენდაციაში იქნება საუბარი იმაზე თუ რა მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ეს ცხადია პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ხოლო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.