შეიძლება ჩინეთთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვები მაქვს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მას მიაჩნია, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს აქვს და მათ შორის საქართველოსაც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამან სტრატეგიულ პარტნიორებს გაურკვევლობა არ უნდა გაუჩინოს.
"წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო თავისი დამოუკიდებლობისთვის სხვადასხვა იმპერიათა შორის ბალანსს აწარმოებდა, ეს სულ სხვა დრო და სულ სხვა გარემო იყო. დღეს უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და არ უნდა იყოს რაღაცა ლავირება. შეიძლება ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე მაქვს ბევრი კითხვა, ჯერ ერთი ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში, არც განხილულა პარლამენტში. მე მეუბნებიან, თქვენ როგორ ბედავთ წარმომადგენლობის როლის აღებასო საგარეო პოლიტიკაში, როცა პარლამენტი არის ახალი პოლიტიკის მწარმოებელიო - კონსტიტუციაში ასე წერია", - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია სად შემუშავდა დოკუმენტი.
"არ ვიცი, ალბათ ჩინეთში [შემუშავდა]. წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩემთვის ორი გაუგებარი აბზაცია. ერთი, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენობას: ერთი ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტი და რაღაცა არის აღიარებული, შემდეგ გარკვეულად, მკაფიოდ არის საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დისბალანსი აქ ძალიან ნათლად ჩანს", - განაცხადა პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ათონელის რეზიდენციაში პასუხობს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ისინი თავად დაპატიჟა.