მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#1 ჩინეთი, #2 რუსეთი - საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია შეიცვალა

61e928022b707
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.22 13:34
1734
გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. ექსპორტში კვლავ პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 615.6 მილიონის საქონელი გავიდა. ჩინეთში ექსპორტის მატებამ 29% შეადგინა. უფრო მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა.

ჩინეთის ბაზარზე საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომლებზეც მთლიანი ექსპორტის 80% (497 მილიონი დოლარი) მოდის; თავის მხრივ, ეს პროდუქცია ასევე 80%-ით რეექსპორტს წარმოადგენს და ის ძირითადად, საქართველოში დამზადებული საქონელის ექსპორტი არაა. შესაბამისად, ჩინეთში ექსპორტის უდიდესი ნაწილი ქართული საქონლის ექსპორტი არაა.

რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტიც რუსეთში გასულ წელს 172 მილიონ დოლარამდე (59%-ით) გაიზარდა. რუსეთში ექსპორტში მეორე ადგილი ღვინოებზე მოდის, რომლის ექსპორტიც 131 მილიონი დოლარი (ზრდა 10%) იყო.

საქართველოს მესამე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი არის აზერბაიჯანი, სადაც გასულ წელს 532 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა. აქედან 248 მილიონი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდიოდა.

უფრო დეტალურად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ჩინეთი - 615.6 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 29%;
2. რუსეთი - 610.0 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 38.3%;
3. აზერბაიჯანი - 531.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 20.5%;
4. თურქეთი - 322.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 69.1%;
5. უკრაინა - 307.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 41.3%;
6. სომხეთი - 256.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 36.9%;
7. ბულგარეთი - 253.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 18.8%;
8. აშშ - 194.7 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 143.2%;
9. ყაზახეთი - 96.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 102%;
10. ესპანეთი - 89.3 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 6.7%.

რაც შეეხება ქვეყნების ჯგუფებს, ევროკავშირში ქართული ექსპორტი გასულ წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 717 მილიონს მიაღწია, რაც მთლიანი ექსპორტის 16.9% იყო. დსთ-ში კი ექსპორტის მატება 34%-ს შეადგენდა და 2 მილიარდი დოლარი იყო, რაც ექსპორტის 47.6%-ია.

ევროკავშირში ექსპორტი მაქსიმალური ოდენობის 2019 წელს იყო და 805 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამავე წელს EU-ს წილი მთლიან ექსპორტში 21.2% იყო, 2020 წელს ის 20.8%-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს კი დამატებით 16.9%-მდე იკლო.

გასულ წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო საქონელი ევროკავშირის ბაზარზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომელიც სინამდვილეში ძირითადად რეექსპორტს წარმოადგენს. ამ საქონლის ექსპორტი EU-ს ბაზარზე 315 მილიონს შეადგენდა, რაც ევროკავშირში ექსპორტის 44%-ია, მეორე ადგილს $80 მილიონით თხილის ექსპორტი იკავებს.