მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივლისიდან ენერგობაზრის სატესტო რეჟიმი ამუშავდება – ირინა მილორავა

5ed542db0ed7f
ნინი ლონგურაშვილი
02.06.20 00:15
1068
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა.

სალიცენზიო პირობების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ორგანიზებას, ელექტროენერგიით ვაჭრობას შიდა ბაზარზე, ასევე, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებასა და ინტეგრაციას.

როგორც გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორმა, ირინა მილორავამ ისაუბრა, ენერგეტიკული ბაზრის სატესტო რეჟიმში ამუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

მისი თქმით, ენერგეტიკული ბაზარი სატესტო რეჟიმი 2020 წლის 1 ივლისიდან გაეშვება.

“ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეს სემეკის მხრიდან, იმიტომ რომ, ლიცენზიის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხვალვე არ ვიწყებთ ოპერირებას და ამ ბაზრების გაშვებას, ამას დაახლოებით 1 წელი მაინც სჭირდება, დაგეგმილია 2021 წლის 1 ივლისიდან და მაინც, როგორც ლიცენზირებულმა ბაზრის ოპერატორმა, გარკვეული ვალდებულებები უნდა განვახორციელოთ.

პირველი და მთავარი, ეს არის ბაზრის წესები, ეს არის მთავარი დოკუმენტი ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის. ანუ, როგორი იქნება ხვალინდელი ბაზარი და რა უფლება-მოვალეობები ექნებათ დარგის მონაწილეებს, ეს უნდა გაირკვეს ზუსტად ამ ბაზრის წესებით. ჩვენ ამ დოკუმენტზე დიდი ხანია მუშაობა დაწყებული გვაქვს და როგორც კი ლიცენზია მივიღეთ, გასულ კვირას წარვადგინეთ უკვე ეს წესები და ახლა იწყება მთავარი პროცესი, ეს არის ამ ბაზრის წესების განხილვა და მისი გაცნობა, როგორც არსებული, ასევე პოტენციური მონაწილეებისთვის. პარალელურად სატესტო რეჟიმისთვის ვემზადებით. 2020 წლის 1 ივლისიდან, უკვე ბაზრის ლიცენზირებულმა ოპერატორმა უნდა დაიწყოს ბაზრის სატესტო რეჟიმში ამუშავება. ეს არის ტექნიკური დაკავშირება ჩვენი მონაწილეების პლატფორმასთან და შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდულობით ვეცდებით, ეს სიმულაციური რეჟიმი იყოს მაქსიმალურად რეალურ რეჟიმთან მიახლოებული. ეს იმისთვისაა, რომ ერთი მხრივ დავინახოთ რა პრობლემატიკაა ამ ახალ მოდელთან დაკავშირებით, და მეორე მხრივ უნარები ჩამოუყალიბდეთ ბაზრის მონაწილეებს ახალ ბაზარზე მუშაობის შესახებ", – ამბობს ირინა მილორავა.

ინფორმაციისთვის: სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე“ ლიცენზიების გაცემის საფუძველია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე სემეკის მიერ დამტკიცებული „ლიცენზირების წესებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი“, რომელიც სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს.