მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივნისიდან კონკურენციის სააგენტო დემპინგის შესახებ საჩივრებს მიიღებს

60b0ffc789fa5
ელენე გოგბერაშვილი
28.05.21 20:00
1038
1 ივნისიდან კონკურენციის სააგენტო დემპინგის საკითხებთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას იწყებს. „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაშია, თუმცა სანამ აღსრულება დაიწყება, საქართველოს მთავრობამ ის კანონქვემდებარე აქტები უნდა დაამტკიცოს, რომლის მიხედვითაც, სააგენტომ განაცხადის საფუძველზე კონკრეტული ქეისები უნდა შეისწავლოს.

კონკურენციის სააგენტომ ბაზრის შესწავლა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილი იქნება ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ ან მისი სახელით. მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურენციის სააგენტო. მოკვლევის შედეგს კი უგზავნის მთავრობას. 

“იმისათვის, რომ დადასტურდეს დემპინგი და იყოს შესწავლის დაწყების აუცილებლობა, უნდა არსებობდეს დემპინგისთვის აუცილებელი პირობა - ექსპორტიორ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ფასი უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოსთვის განკუთვნილი ფასი და ამის მტკიცებულებები უნდა იყოს განაცხადში ასახული. მეორე - უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია რა ზიანი ან ზიანის საფრთხე შეიძლება ადგებოდეს ადგილობრივ ინდუსტრიას და რომ ამ ორ პროცესს აქვს ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, თუ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია ამ 3 პირობას ერთმანეთთან აკავშირებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება განაცხადი ჩავთვალოთ მისაღებად და გავყვეთ შესწავლის პროცესს.

ოღონდ ეს იმ დაშვებით, რომ ადგილობრივი ინდუსტრიების 50%-ზე მეტი სვამს ამ პრობლემას ან არ ეწინააღმდეგება მათ წარმოდგენილ ინფორმაციას და საბოლოო ჯამში, განაცხადზე ხელმომწერების ერთობლივი წილი ბაზარზე არ არის 25%-ზე ნაკლები. ეს პირობები თუ კმაყოფილდება, ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ შემდგომ პროცესს.

ჩვენ გვაქვს წინასწარი მოლოდინი, თუ რა ინდუსტრიებიდან შეიძლება შემოვიდეს განაცხადები; ეს არის მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ადგილობრივი მწარმოებლები, იგივე მეტალურგია, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, მათ შორის ცემენტის თუ სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებლები, აგროკომპანიები, რომელთაც შეიძლება იმპორტთან დაკავშირებით ჰქონდეს საკუთარი შენიშვნები. დაახლოებით, ეს 3 სფეროა, საიდანაც ველოდებით განაცხადების მიღებას“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

თუ ადგილობრივი ბიზნესის განაცხადის დასაშვებობაზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, მოკვლევის დაწყების შესახებ შეატყობინოს როგორც ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას, ისე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას. ამასთან, თუ მთავრობა დაინახავს, რომ ბიზნესის წარდგენილ განაცხადში იქნება გონივრული მტკიცებულებები, რომ აშკარაა ზიანი, შეუძლია, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი შემოიღოს, რომელიც საექსპორტო ქვეყანაში და საქართველოში არსებული ფასის სხვაობიდან გამომდინარე დგინდება.

აღსანიშნავია, რომ საქმის შესწავლისთვის კონკურენციის სააგენტოს დრო 12 თვე აქვს, თუმცა ეს ვადა შეიძლება არაუმეტეს 6 თვით გაგრძელდეს.