მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 გადაწყვეტილება, რომელთა შესახებაც მთავრობამ დღეს განაცხადა

5e96010674b3e
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.20 23:16
13651
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზედაც პრემიერ-მინისტრმა მრავალი პუნქტისგან შემდგარი განცხადება გააკეთა, მათ შორისაა დონორებისგან მისაღები დაფინანსება, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, ქალაქების ჩაკეტვა და სხვა.

1) თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ქუთაისის ჩაკეტვა 10 დღით:

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00-საათიდან, საქართველოს დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება, რაც მსხვილ ქალაქებში მოქალაქეთა მობილურობის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა-გასვლაზე დაწესებულ აკრძალვებზე დაიშვება გამონაკლისებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე - 144.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანა ფაქტობრივად, ვირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, საჭიროა ზომების კიდევ უფრო გამკაცრება.

„Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და რა თქმა უნდა ეკონომიკისთვის. დღეს, ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც 24 საათის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული ადამიანი. კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად მატულობს ქვეყანაში, ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებსა და ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი. რა თქმა უნდა, ამ გაურკვევლობის პირობებში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა აქვს,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

2) საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივება

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც მისაღებია, რათა ქვეყანა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

„მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეზღუდვები უზარმაზარი დისკომფორტის მომტანია როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე ჩვენი შემოსავლების, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, კომპანიებისა და სამუშაო ადგილებისთვის, ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ეს არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება დაწესებული შეზღუდვები, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ ეკონომიკასა და ბიზნესთან მიმართებაში შეიმუშავა. მთავრობის მეთაური შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრულ შემსუბუქებას მაისის შუა რიცხვებიდან ვარაუდობს, გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, არ გამორიცხავს, შეზღუდვების მოხსნა თვეობით გადავადდეს.

"COVID-19-თან ბრძოლა მიმდინარეობს ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენის ფრონტზე. ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია. ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ COVID-19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას და ეს ადაპტაცია უნდა გავიაროთ. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, საქართველოში დღეს ინფიცირებულ პირთა შედარებით მცირე რაოდენობა არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება საკმაოდ ადრე დაიწყო. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ასევე მოწინავეთა რიგებში იყოს, როდესაც დაიწყება ეკონომიკის აღდგენა და ეს მოლოდინი მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს ეყრდნობა.

3) $447 მილიონი სავალუტო ფონდისგან, ჯამში, $1.5 მილიარდის მოცულობის საგარეო დაფინანსების მოზიდვა დონორებისგან

პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მიღწეულ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს IMF-თან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში დამატებით შემოსულ 447 მილიონ დოლარს ნიშნავს.

გიორგი გახარიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და განაცხადა, რომ ყველა ამ დონორ ორგანიზაციასთან პირველადი მოლაპარაკებების თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ისინი 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ინექციას განახორციელებენ. ამ $1.5 მილიარდ დოლარში შედის სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი $447 მილიონიც, საიდანაც $200 მილიონი დოლარი ბიუჯეტში, $227 მილიონი კი ეროვნულ ბანკში მიდის.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე კონკრეტული პროექტების მიმართულებით.

4) 1.5 მლრდ დოლარის ფინანსური დახმარება კერძო სექტორს დონორებისგან

გიორგი გახარიამ საფინანსო და მთლიანად კერძო სექტორთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დონორი ორგანიზაციები გამოთქვამენ მზადყოფნას მოახდინონ საქართველოს კერძო სექტორის დაფინანსება.

„მათი მხარდაჭერის მიზნით, მოლაპარაკებები გვქონდა ამავე დონორ ორგანიზაციებთან, რომელთაც დამატებით გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს ასევე, 1,5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარონ. ეს თანხა ამ დონორი ორგანიზაციების მხრიდან მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ბიზნესს და საფინანსო სექტორს შეეძლება ამ თანხის ათვისება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს საკმაოდ მძიმე 3-კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არის კრიზისული დახმარების ის ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს.

„ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკურ გუნდთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე. ეს სხვა ისტორიაა, ეს სხვა გეგმაა და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

5) 150-ლარიან შემწეობაზე სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “ტექნიკური ხარვეზია”

პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ქვეყანაში უმუშევრებისთვის 150-ლარიანი კომპენსაციის გადახდაზე არის საუბარი, “ტექნიკური შეცდომა” უწოდა და თქვა, რომ მსგავს გეგმაზე მთავრობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მუშაობდა, ხოლო რეალურად ის სოციალური დახმარების პროგრამა, რასაც მთავრობა წარადგენს, კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებისთვის საარსებო მინიმუმზე ნაკლებ კომპენსაციას არ ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი გახარია ამბობს, რომ მსგავსი დახმარების პროგრამის შექმნა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, რადგანაც მას იმ მონაცემთა ბაზების შეკრება სჭირდება თუ ვინ დაკარგა ამ პერიოდში სამსახური. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ სანამ ამ დახმარების შექმნაზე მიდიოდა მუშაობა, მთავრობამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

6) უახლოეს მომავალში გაირკვევა რა იქნება უმუშევრობს დახმარება:

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე, როდესაც მივდივართ პარლამენტში ჩვენ ასეთი (სოციალური დახმარებების) გეგმა გვექნება. ორი სამი დღე მოითმინეთ,”- ამბობს გიორგი გახარია.

7) მთავრობა იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც თანამშრომლები გაათავისუფლეს და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც არ გადაუხადეს, ზომებს მიიღებს:

“იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ვისაც ანაზღაურება ეკუთვნოდა ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე და ესეც არ გადაუხადეს, მათ ყველას მივაკითხავთ, დარწმუნებულები იყვნენ ამაში,"- ამის შესახებ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე, BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, კომპანიებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არამარტო სახელმწიფოს, არამედ თანამშრომლების მიმართაც არიან პასუხისმგებლები.

"დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს, მაგრამ ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს. კომპანიებს, გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. კომპანიას, რომელიც კრიზისის გამო ადამიანს სამსახურიდან უშვებს, პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება აქვს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს. ეს ყველას კარგად ახსოვდეს. გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ. ახლა ყველას კარგად გვესმის, რომ ახლა არის მომენტი, როცა ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

არ არის აქ სახელმწიფო ერთადერთი, ვინც ვალდებულია სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე სამსახურიდან გაუშვა,"- ამბობს გიორგი გახარია.

8) მთავრობის პოლიტიკა ონლაინ-შოპინგის მიმართ:

“ჩვენი ძირითარი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეების მოძრაობა შევზღუდოთ გარკვეული დროით. ონლაინ შოპინგი იქნება, პარფიუმერიის მაღაზია იქნება, თუ ქიმიის რაღაც „სუფთა სახლები“, უნდა გვახსოვდეს, რომ 10 დღე, ორი კვირა, უნდა მოვითმინოთ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევუდგეთ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას.

პირდაპირ გეუბნებით, რომ გვაქვს შეზღუდვებიდან გამოსვლის პირდაპირი გეგმა, სადაც ონლაინ შოპინგი, ონლაინ მაღაზიები და „სუფთა სახლიც“ პირველი დგანან, მაგრამ ერთიც და მეორეც საკმაოდ დიდ მობილობას აგენერირებენ მსხვილ ქალაქებში, რაც საფრთხის შემცველია ვირუსის გავრცელებისთვის. ეპიდემილოგები გვაფრთხილებენ, რომ იგივე ონლაინ შოპინგში მონაწილე ადამიანი შეიძლება გახდეს ვირუსის გადამტანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

9) ჯარიმების აღსრულება გამკაცრდება, ბზობას პრემიერის განცხადებით, პოლიციას უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა:

"ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. ჩვენ ვაღიარებთ, გულწრფელად, რომ ბზობის დღესასწაულზე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. ჩვენ ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იქნება. აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება,"- ამბობს გახარია.

10) ქვეყანაში აღდგომაზე სასაფლაოების დახურვა არ არის გამორიცხული:

"ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული იმ დინამიკასთან ვირუსის გავრცელების, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებს ჩვენ მივიღებთ უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ადამიანებს წინასწარ გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში,"- ამბობს გიორგი გახარია. 

ბრიფინგი - სრულად: