მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში საქართველომ $78.6 მლნ-ის ხორბალი იყიდა - იმპორტი 21.8%-ით შემცირდა

61a62cf2851cf
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.21 21:00
965
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 78.6 მლნ დოლარის ღირებულების 318 657 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებაში 10.9%-ით ნაკლებია, ხოლო საქონლის მოცულობით კლება 21.8%-ია. 

წლების განმავლობაში საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია. სწორედ რუსეთში მიმდინარე წელს ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის ზრდის გამო, საქონლის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუ გასულ წელს 10 თვეში რუსეთიდან 407 605 ტონა ხორბლის შემოტანისთვის საქართველოდან 88.2 მლნ დოლარი გავიდა, წელს 291 605 ტონა ხორბლის იმპორტისთვის 73.1 მლნ დოლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საანგარიშო პერიოდში აშშ-დან 4.6 მლნ დოლარის ღირებულების 24 355 ტონა ხორბალი შემოვიდა; ყაზახეთიდან - 569 ათასი დოლარის 2 000 ტონა; სომხეთიდან - 121.3 ათასი დოლარის 474.4 ტონა; ავსტრიიდან - 49.5 ათასი დოლარის 44 ტონა; თურქეთიდან - 40.2 ათასი დოლარის 71 ტონა; საბერძნეთიდან - 38.8 ათასი დოლარის 43 ტონა; სლოვაკეთიდან - 28.2 ათასი დოლარის, 40 ტონა; უკრაინიდან - 12.3 ათასი დოლარის 20 ტონა; საფრანგეთიდან - 4.3 ათასი დოლარის 3 ტონა, ხოლო გერმანიიდან - 1 ათასი დოლარის, 0.6 ტონა ხორბალი შემოვიდა.

ხორბლის შემცირების პარალელურად, 2021 წლის 10 თვეში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაიზარდა. იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 6.8 მლნ დოლარის ღირებულების 22 451.86 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ღირებულებას 167.9%-ით, ხოლო მოცულობით 146.9%-ით აღემატება. ამ შემთხვევაშიც საქონლის მთავარ საიმპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს, საიდანაც ამ პერიოდში 6.5 მლნ დოლარის ღირებულების 21.7 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა. თურქეთიდან - 107.6 ათასი დოლარის 230 ტონა; იტალიიდან - 71.1 ათასი დოლარის 85 ტონა; უკრაინიდან - 52.2 ათასი დოლარის 170 ტონა; ლიეტუვადან 47.6 ათასი დოლარის 167.2 ტონა; ავსტრიიდან - 28.7 ათასი დოლარის 44 ტონა; საფრანგეთიდან 12.7 ათასი დოლარის 10.9 ტონა; ირლანდიიდან - 10.1 ათასი დოლარის 20 ტონა ფქვილი შემოვიდა.

ცნობისთვის, რუსეთმა მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟი დააწესა, რომელიც დღეისთვის 1 ტონა ხორბლის ექსპორტირებისას 80.8 დოლარამდე გაიზარდა. მზარდია ხორბლის საერთაშორისო ფასებიც. რაც შეეხება ფქვილს, რუსეთი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ფქვილზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებს, რაც ქვეყნიდან ფქვილის ექსპორტის მოცულობას, მათ შორის საქართველოს მიმართულებით ზრდის.