მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1,2 მლნ ჰა მიწა გამოთიშულია ეკონომიკიდან... ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას - პრემიერი

625a9dce08a3d
BM.GE
16.04.22 14:39
2659
ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.


„მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, ყველას მოგესალმებით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და სწორედ ამის თაობაზე მინდა, რომ რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ.

მიწა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი სიმდიდრეა; თუმცა დღემდე ეს პოტენციალი, ეს სიმდიდრე ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. ამას განაპირობებს ისიც, რომ მკაფიოდ და ცხადად არ არის დადგენილი, თუ რომელი მიწის ნაკვეთებია სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ჩვენი ქვეყნის მიწების, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 1/3 დღემდე არ არის რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება მრავალი ათასი ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულად არ არის რეალიზებული. 1 200 000 ჰა მიწის ნაკვეთი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენჯერმე ჩატარდა მიწის რეფორმა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში - არსებითი დარღვევებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.

პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. ეს მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს, ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს, 4000-ზე მეტ დასახლებას.

3 წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.