მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, IFC-ისგან €18.5 მილიონს მიიღებს

5e9f087ecc8dc
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.20 19:10
1765
მსოფლიო ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), დღეს 18,5 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ფონდში (EFSE), რომლის შედეგადაც რეგიონის 14 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება მოხდება. პროექტის მიერ მხარდაჭერილი შეღავათიანი სესხების გაცემა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება. 

"IFC–ის ინვესტიციის მიზანი ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობაა. დაფინანსებით ძირითადად რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი და ის მსესხებლები ისარგებლებენ, ვისთვისაც დაფინანსება ამჟამად ნაკლებად ხელმისაწვდომია.

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ძალა და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი წყაროა. ფინანსებზე წვდომა ასეთი საწარმოების ზრდის მთავარ სირთულედ რჩება. კვლევების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 27 პროცენტის ფინანსური საჭიროებები არ ფინანსდება და ეს დეფიციტი რეგიონის მასშტაბით $740 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. IFC–ის ინვესტიცია ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების გამოყენებას შეუწყობს ხელს.

ეს ინვესტიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს COVID-19-ის პანდემიის და რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე მისი სავალალო გავლენის გამო. ასეთ მცირე საწარმოებს ახლა გადაუდებელი დახმარება სჭირდება, რათა ოპერირება განაგრძონ და სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ.

IFC EFSE–ისთან მისი დაარსებიდან, 2005 წლიდან თანამშრომლობს და მხარს უჭერს მის პროექტებს. „უკვე 15 წელია ვუწყობთ ხელს რეგიონში ფინანსურ ჩართულობას და ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებას. კვლავაც განვაგრძობთ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორებთან მუშაობას, როგორიცაა IFC, რათა დადებით შედეგებს მივაღწიოთ ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელი ძალის - მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებით, - აცხადებს EFSE–ის თავმჯდომარე კრისტოფ ტიკენსი.

„პროექტი მხარს უჭერს მდგრადი ფინანსური სერვისების მიმწოდებლებს, რომლებიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს აფინანსებენ, მათ შორის ადგილობრივ ვალუტაში, და ამავე დროს ხელს უწყობს EFSE– ს კლიენტი კომპანიების მდგრად ოპერირებას. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს IFC–ის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებას", - განაცხადა რეგიონში IFC–ს ფინანსური ინსიტუტების ხელმძღვანელმა ვიტორიო დი ბელომ.

IFC-ის შესახებ

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 2,000 მეტ ბიზნეს კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს და გამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2019 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა განვითარებად ქვეყნებში რეკორდულ, 19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მიმართულია კერძო სექტორის ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

EFSE-ს შესახებ

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდი (EFSE) 2005 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოებში ინვესტიციის და მათთვის პირობების გაუმჯობესების გზით. ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ამ სეგმენტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ EFSE საშუალებას აძლევს ადგილობრივ ფინანსურ სექტორს გააფართოვოს დაფინანსების შესაძლებლობები. საინვესტიციო საქმიანობასთან ერთად, EFSE მუშაობს ტექნიკური დახმარების, ტრენინგებისა და სხვა არასაფინანსო დახმარების მიმართულებითაც.

EFSE KfW განვითარების ბანკის ინიციატივით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. EFSE-ის კაპიტალში დონორი სააგენტოები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და კერძო ინვესტორები მონაწილეობენ. Finance in Motion GmbH, გერმანია, EFSE–ს მრჩეველის როლს ასრულებს, ხოლო Hauck & Aufhäuser Fund Services S.A– ს, ლუქსემბურგი, ფონდის მენეჯერია. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ–გვერდს: www.efse.lu,"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.