მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 ივნისიდან ვარძია და უფლისციხე ვიზიტორებს შემცირებული ტარიფებით მოემსახურება

5eda3dbd0d96e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.20 16:38
2837
მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნება, - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგნეტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის საფასური 3 თვით შემცირდება.

„ეპიდემიური მდგომარეობის პრევენციის მიზეზით გამოწვეული 3 თვიანი პაუზის შემდეგ, აღნიშნული მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციები ვიზიტორთა მომსახურებას ჯანმრთელობის დაცვის უწყებების მიერ წინასწარ შემუშავებული რეგულაციებით განახორციელებენ. დადგენილი ქცევის ნორმების დაცვა დამთვალიერებლებისთვის სავალდებულო იქნება.

შეიცვლება მუზეუმ-ნაკრძალების ტარიფები. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებისა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტის ეტაპობრივი გაზრდის მიზნით, დროებით შემცირდება მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის საფასური. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ვარძიასა და უფლისციხეში დღემდე მოქმედი ტარიფის ოდენობა 3 თვის ვადით 15 ლარიდან 7 ლარამდე შემცირდება. კვლავ 1 ლარი იქნება ბილეთის საფასური საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს“, - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ამასთან, მათივე ცნობით, ცვლილებები არ შეეხება დამატებითი მომსახურების ტარიფებს: ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში ტურისტული ჯგუფებისთვის ქართულენოვანი საექსკურსიო მომსახურება (გიდი) ისევ 25 ლარი ეღირება, უცხოენოვანი მომსახურება კი 45 ლარი. 15 ლარის ოდენობით დარჩება მუზეუმ-ნაკრძალებში აუდიო საექსკურსიო მომსახურების ფასი. უცვლელი იქნება მუზეუმ-ნაკრძალების ვიზიტორთა ცენტრებში არსებული მულტიმედიური სივრცით სარგებლობის ღირებულებებიც.

„მომდევნო 3 თვის განმავლობაში ბილეთების ფასი შემცირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა 16 მუზეუმისა და მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებისთვისაც. ახალი ტარიფები აღნიშნული ობიექტების გახსნის თარიღის განსაზრვრის პარალელურად უახლოეს დღეებში დადგინდება. 3 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ამოქმედებული დროებითი ტარიფები ავტომატურად ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება“, - უთხრეს BM.GE-ს სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ობიექტებია. სააგენტოს ინფორმაციით, წლიური სტატისტიკის მიხედვით - აღნიშნული 2 მუზეუმ-ნაკრძალი 2019 წელს 600 ათას ვიზიტორზე მეტს მოემსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები