მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150 მილიონი ლარის 117 საპრივატიზაციო ობიექტი - რას სთავაზობს მთავრობა ბიზნესს?

5de0c9832f847
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.19 11:30
2095
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს წარმოდგენილია 117 საპრივატიზაციო ობიექტი, რომელთა საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. მთავრობა კი პროექტების რეალიზაციის შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება.

პრემიერის თქმით, მათი მიზანი სამუშაო ადგილების ზრდაა და ამიტომ საპრივატიზაციო ნუსხაში მუდმივად იქნება გამზადებული არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი.

ეკნომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია. პროექტი 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.

“პრივატიზების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება”,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.