მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1500 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ბიზნესს 0.5 მლრდ დაეზოგა

60b6516e845af
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 00:10
1162
1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა დასრულდა. შესაბამისად, წინა თვის ხელფასი იყო ბოლო, როდესაც ბიზნესებმა შემცირებული გადასახადები გადაიხადეს. ამ დახმარების ფარგლებში ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული იყო. 750-დან 1500 ლარამდე თანხა კი - ნახევრად გათავისუფლებული. პროგრამის შედეგად, ბიზნესმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. 

1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად 2020 წლის მაისში დააწესა და ის 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა. 2020 წლის 26 ნოემბერს კი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნის დაწესების დროს განაცხადა, რომ მთავრობა ამ შეღავათს კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებდა. ამ განცხადებიდან მალევე პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შეღავათები არ ვრცელდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე მარეგულირებელ ორგანოებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებზე - შესაბამისად, ამ შეღავათით სარგებელს მხოლოდ კერძო სექტორი იღებდა.

2020 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის შეღავათის მეშვეობით კერძო სექტორში 315.5 მილიონი ლარი დარჩა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი შეღავათის მოცულობამ 128 მილიონი ლარი შეადგინა - ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჯამურად ამ საგადასახადო შეღავათის შედეგად ბიზნესმა 9 თვეში 443.5 მილიონი ლარი დაზოგა. ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის მეორე კვარტლის შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში ამ შეღავათის შედეგად ბიზნესს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაეზოგა. "აღნიშნული შეღავათის შედეგად, უშუალოდ წელს, დაახლოებით, 220 მლნ დარჩა ეკონომიკაში", - უთხრა bm.ge-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

BMG-ის ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე მთავრობა შეღავათის გახანგრძლივებას და საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. 16 მაისს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ სამინისტრო მაისის ბოლოს არსებული ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით მიიღებდა გადაწყვეტილებას, გაეგრძელებინა თუ არა ამ შეღავათის მოქმედება. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ აპრილში ქვეყანაში 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. ამასთან, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აპრილის განმავლობაში ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობაც გაიზარდა და წინა წელთან შედარებით 100,000-ით მეტმა ადამიანმა აიღო ანაზღაურება.