28.იანვარი .2022 00:25

#2 სავაჭრო პარტნიორი: რა იყიდა/გაყიდა საქართველომ რუსეთში?

#2  სავაჭრო პარტნიორი: რა იყიდა/გაყიდა საქართველომ რუსეთში?
views 1064
უკან

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით 14.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, საიდანაც ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარი, ხოლო იმპორტი 10.073 მლრდ დოლარი იყო. ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5%-იანი წილი უკავია და ამ პერიოდში ჩვენი ქვეყნის TOP-3 სავაჭრო პარტნიორი თურქეთი (2.145 მლრდ დოლარი), რუსეთი (1.638 მლრდ დოლარი) და ჩინეთი (1. 480 მლრდ დოლარი) გახდნენ. თავად მსხვილი სავაჭრო პარტნიორების სამეულის შემადგენლობა არ შეცვლილა, თუმცა 2020 წელს მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთი 2021 წელს საქართველოს ჩრდილოელმა მეზობელმა რუსეთმა ჩაანაცვლა, რომლის წილმა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 11.4% შეადგინა.

აღსანიშნია, ექსპორტში კვლავ პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 615.6 მილიონის საქონელი გავიდა. ჩინეთში ექსპორტის მატებამ 29% შეადგინა. უფრო მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა - მისი წილი მთლიან ექსპორტში 14.4%-ია.

რაც შეეხება იმას, რომელი ძირითადი პროდუქტებით ვაჭრობდა საქართველო რუსეთთან 2021 წელს, შარშან ქვეყნიდან ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების TOP-10 ასეთია:

1. ფეროშენადნობები - 171.8 მლნ დოლარი, 104 795 ტონა;
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 130.7 მლნ დოლარი, 47 357 ტონა;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 60.9 მლნ დოლარი, 107 429 ტონა;
4. სპირტიანი სასმელები - 41.2 მლნ დოლარი, 9 903 ტონა;
5. ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნაშო - 26.7 მლნ დოლარი, 25 911 ტონა;
6. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 26 მლნ დოლარი, 39 069 ტონა;
7. ახალი ან გამხმარი ციტრუსების ნაყოფი - 19.5 მლნ დოლარი, 34 228 ტონა;
8. მსუბუქი ავტომობილები - 17.2 მლნ დოლარი,
9. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - 14.5 მლნ დოლარი, 1 526 ტონა;
10. ახალი ან შეყინული კარტოფილი - 14.3 მლნ დოლარი, 33 165 ტონა.

დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი 178.6 მლნ დოლარი შეადგინა.

რუსეთი მეორე ადგილს იმპორტის ნაწილშიც იკავებს. გასულ წელს 2020 წელთან შედარებით იმპორტის ღირებულება 15.8%-ით გაიზარდა და ქვეყნიდან სხვადასხვა საქონლის შესაძენად რუსეთში 1 მლრდ დოლარი გავიდა.

TOP-10 საქონელი, რომელიც საქართველომ ამ პერიოდში რუსეთისგან შეიძინა:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 134.6 მლნ დოლარი, 224 705 ტონა;
2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 96.9 მლნ დოლარი, 319 181 ტონა;
3. ხორბალი და მესლინი - 87.4 მლნ დოლარი, 337 694 ტონა;
4. მზესუმზირის ზეთი - 41.6 მლნ დოლარი, 28 350 ტონა;
5. სატელეფონო აპარატები - 37.3 მლნ დოლარი, 46 ტონა;
6. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 25.7 მლნ დოლარი, 10 935 ტონა;
7. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - 23.4 მლნ დოლარი, 63 646 ტონა;
8. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 19.7 მლნ დოლარი, 51 786 ტონა;
9. პურ-ფუნთუშეული - 18.8 მლნ დოლარი, 11 745 ტონა;
10. მარგარინი - 17.7 მლნ დოლარი, 12 069 ტონა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა