მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2011 წელს მთავრობამ Inter Rao-ს მისცა გარანტია, რომ 2025 წლამდე დენის ტარიფი არ შემცირდებოდა

61a9d486180df
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.21 13:00
1074
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრეს.

გადაწყვეტილება რამდენიმეწლიან სატარიფო დავას უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალი.

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.

“2011 წლის 31 მარტს ღსს „ინტერ რაო ეეს“ და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობისა და ადრე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის მიერ 2011–2025 წლებში ქ. თბილისის ელექტროქსელების განვითარებაში, სულ მცირე, 376,4 მილიონი ლარის ინვესტირებას. საპასუხოდ კომპანიას მიეცა არსებული ტარიფების, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, შეუმცირებლობის გარანტია,”- ნათქვამია 2012 წლის მმართველობით ანგარიშში.

თუმცა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დაპირება სწორედ ენერგო ტარიფების დაკლება იყო, რაც 2013 წელს განხორციელდა. სავარაუდოდ ამ დათმობაზე კომპანია წავიდა იმ პირობით, რომ სახელმწიფომ მასთან განახლებული მემორანდუმიდან ამოიღო მოთხოვნა, რომ Inter Rao-ს მდინარე ხრამზე $193-მილიონიანი ინვესტიციით ახალი ჰესები უნდა აეშენებინა, რომელთა სიმძლავრეც 85 მეგავატი უნდა ყოფილიყო. ამ ჰესების აშენების მოთხოვნა კომპანიას ვალდებულებად 2008 წელს, "ხრამჰესი 1"-ის და "ხრამჰესი 2"-ის შეძენის დროს განესაზღვრა. აღნიშნული ცვლილება მხარეთა შორის მემორანდუმშიც შევიდა.

“ახალი ჰესის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებასთან (ტედ) დაკავშირებით კომპანია „პეურუს“ მიერ გაწეულმა საკონსულტაციო მომსახურებამ 2013 წელს შეადგინა 3 499 ათასი ლარი. აღნიშნული ხარჯები უნდა შესულიყო კაპიტალურ ხარჯებში, მაგრამ პროექტზე უარი ითქვა ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო,”- ნათქვამია “თელასის” 2013 წლის მმართველობით ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტარიფების დაკლებული ღირებულების გამო თავად “თელასმა” თავისი აქტივების გაუფასურება მოახდინა, რადგანაც კომპანიამ აქტივების ღირებულება განახლებული ტარიფების გათვალისწინებით დათვალა. კომპანიამ 2013 წელს აქტივების გაუფასურებით 64 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

“ძირითადი საშუალებების გადაფასებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 64 270 ათასი ლარი. ძირითადი საშუალებების გაუფასურება განპირობებულია მათი სამართლიანი ღირებულების შემცირებით საბალანსო ღირებულებასთან შედარებით 2013 წლის 1-ელ ნახევარში. სამართლიანი ღირებულების შემცირება გამოწვეულია ძირითადი საშუალებების გამოყენების შედეგად საპროგნოზო შემოსავლების შემცირებით, ელექტროენერგიის გაყიდვაზე ტარიფების შემცირების გამო. 2013 წლის 31 მარტს საქართველოს მთავრობასა და ღსს „ინტერ რაო“-ს შორის ხელი მოეწერა მემორნადუმს „ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ადრე მიღწეულ შეთანხმებათა რეალიზაციის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა მოსახლეობისთვის, რომელიც თვეში მოიხმარს 100 კვტ*სთ ჩათვლით ელექტროენერგიას, 3,39 თეთრით კვტ.სთ (დღგ-ს გარეშე), აგრეთვე მოსახლეობისთვის, რომელიც თვეში მოიხმარს 101-დან 300 კვტ*სთ-მდე ელექტროენერგიას - 3,00 თეთრით კვტსთ (დღგ-ს გარეშე),”- ნათქვამია დოკუმენტში.

უფრო მეტი რამ მემორანდუმების შინაარსის შესახებ საჯაროდ ცნობილი არაა, თუმცა როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებიდან ჩანს, კომპანიას იმის მიუხედავად, რომ სადავო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მრავალმილიონიანი წმინდა მოგება ჰქონდა, მაინც არსებობდა გარკვეული “მიუღებელი შემოსავალი”, რაც მემორანდუმის მუხლებიდან გამომდინარეობდა და რაც ფირმისთვის ფინანსური გარანტიების მიცემაში მდგომარეობდა.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია. ის თუ რა პროცედურას წარმოადგენს და არბიტრაჟის გადაწყვეტილების რა ნაწილი საჩივრდება, უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.