24.იანვარი .2021 09:00

“2016 წლიდან ლარის ფასიანი ქაღალდების მოცულობა 40%-ით იზრდება” - გვენეტაძე

“2016 წლიდან ლარის ფასიანი ქაღალდების მოცულობა 40%-ით იზრდება” - გვენეტაძე
views 568
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს კერძო სექტორისთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, 2016 წლის შემდგომ ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა საშუალოდ 40%-ით იზრდება.

“2016 წლიდან მოყოლებული, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები საშუალოდ 40%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, კომპანიებისთვის დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიული მეთოდები ნამდვილად გამოჩნდა,”- განცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარება საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმირების ვრცელ პროცესს მოიცავს, თუმცა არსებული შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ სასესხო ბაზარზე ბანკების გარდა დაფინანსების ალტერნატივა მზარდია.

“კაპიტალის ბაზრის განვითარება სამწუხაროდ ძალიან ბევრს მიაჩნია ბირჟის განვითარებად, რომელსაც ელვარე ეკრანები და მორბენალი სტრიქონები აქვს - ეს ასე არ არის. რეალურად კაპიტალის ბაზრის განვითარება დაკავშირებულია მისი საკანონმდებლო საფუძვლების განვითარებასთან, რაც საკმაოდ ნელი პროცესია. ამასთან, მის განვითარებაში როლს თამაშობს როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეები.

უნდა ვთქვა, რომ გააქტიურებულია არამარტო სახაზინო ვალდებულებების მიმართულება, არამედ დილერების კუთხითაც არის ცვლილებები. კორპორატიული ფასიანი ქაღალდების რაოდენობაც საკმაოდ გაზრდილია.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძლიერმა და კარგად განვითარებულმა საბანკო სისტემამ გარკვეულწილად დაჩრდილა კაპიტალის ბაზარი. 2020 წელს რა რეფორმაც განხორციელდა კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ვფიქრობ, რომ უპრეცედენტო იყო. 2009 წლის შემდეგ ასეთი დიდი საქმე არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონიც მივიღეთ გასულ წელს. ეს ყველაფერი კი ეხმარება იმას, რომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები უფრო და უფრო მეტად გახდეს პოპულარული,"- აცხადებს გვენეტაძე. 

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 5.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ ვალდებულებების 11.3% უცხოელი ინვესტორების საკუთრებაშია. ფასიანი ქაღალდების პორტფელის 70%-ს ქართული კომერციული ბანკები ფლობენ, 17% კი, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა