01.ოქტომბერი .2019 15:47

„2020 წლის ბიუჯეტი ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება“

უკან

„2020 წლის ბიუჯეტი შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არის საარჩევნო ბიუჯეტი, მაგრამ ამომრჩევლის მოსყიდვა ვერ იქნება,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  

როგორც გახარია აღნიშნავს, მთავრობა საჯარო სექტორის წარმომადგენლებს სოციალურად ღირსეულ პირობებს უქმნის.

„თუ ვინმე თვლის, რომ მოსყიდვაა, როდესაც პენსიონერს პენსიას ვუზრდით, მასწავლებელს განათლების რეფორმის ფარგლებში ხელფასს ვუზრდით, პოლიციელებს, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყანაში მართლწესრიგს იცავენ მათაც ვუზრდით ხელფასს. მათ სოციალურად ვუქმნით ღირსეულ პირობებს ეს არის მოსყიდვა... ვფიქრობ, რომ ეს არის ის მცირე ნაბიჯი და შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ამ ქვეყნის მომავალი დგას.

ეს არიან: ბავშვები, მოხუცები, პენსიონერები და ყველა საჯარო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან მასწავლებლები, ექიმები და პოლიციელები. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მაშინ, როდესაც მას შეუძლია გააკეთოს შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება ამ ადამიანებს დაუდგეს გვერდით.“ - განაცხადა გახარიამ.