მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის ეკონომიკური მაჩვენებლების მიმოხილვა

5ff2fcf89ae4b
ირაკლი მაკალათია
04.01.21 15:40
2519
როგორი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის 2020 წელი. გთავაზობთ, გასული წლის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას მიმოხილვას.

1. მთლიანი შიდა პროდუქტი (2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.7%%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.9%-ია)

2020 წლის პირველი კვარტალი დაბალი ეკონომიკური ზრდით (2.3%) დაიწყო. რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი ზრდა იყო. 2020 მძიმე წელი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკის ჩაკეტვამ მძიმე ეკონომიკური შედეგები მოიტანა. მეორე კვარტალში ეკონომიკა 13,2%-ით შემცირდა, რაც ეკონომიკის თითქმის მთლიანად გაჩერებით იყო გამოწვეული. ზაფხულის პერიოდში რეგულაციების შემსუბუქებამ ეკონომიკურ ზრდაზეც იმოქმედა და მესამე კვარტალში შედარებით დაბალი კლება დაფიქსირდა (-5,6%). მეოთხე კვარტლის საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მეორე ეტაპზე დაწესებული შეზღუდვები, ცხადია, უარყოფითად აისახება და ისედაც შემცირებულ ეკონომიკას კიდევ უფრო შეამცირებს. ბოლო კვარტლის მიხედვით, ოქტომბერში 3,9%-ით შემცირდა, ხოლო ნოემბერში - 7,7%-ით. ცხადია შეზღუდვების შედეგად დეკემბერშიც მაღალი ეკონომიკური კლება იქნება მოსალოდნელი.

ნოემბერში ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.

როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დააზარალა. მიუხედავად მოლოდინებისა, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული ზარალი შიდა ტურიზმმა ვერ დაკომპენსირება. ტურიზმის დარგის შემცირება თავის მხრივ ნეგატიურად აისახა სასტუმროების ბიზნესზეც. ეკონომიკის ჩაკეტვამ ასევე დააზარალა ვაჭრობის სფერო, რომელიც საქართველოს ბიზნეს სექტორში წამყვანია. ცხადია, თითოეული გაჩერებული დღე დამატებითი ფინანსური ზარალის მომტანია ბიზნეს სუბიექტებისათვის და რთული საპროგნოზოა რამდენად შეძლებენ 2021 წელს სრულფასოვნად გააგრძელონ საქმიანობა. 2020 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის დარგში 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა პანდემიის გავლენით მეორე კვარტალში 18,8%-ით შემცირდა, რაც სხვა დარგებთან შედარებით ერთ-ერთი უარესი შედეგი იყო, მთავრობამ ამ დარგის სტიმულირებისათვის კი იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამა განახორციელა, რაც ერთ-ერთ პოზიტიურ მაჩვენებლად აისახა დარგზე. მნიშვნელოვანია, რომ მესამე კვარტალში მშენებლობის სექტორში
2,0%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ეკონომიკური კრიზისს ყველაზე მეტად საფინანსო სექტორმა გაუძლო, რომელიც წლებია ყველაზე მძლავრად მუშაობს ქვეყანაში და შეძლო კიდეც გამკლავებოდა ამ მდგომარეობას. გადარჩა ის დარგები სადაც არ გავრცელებულა შეზღუდვები, მაგ; სამთომოპოვებითი მრეწველობა, სადაც მესამე კვარტალში 14,7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა განათლებასა და სოფლის მეურნეობის დარგში, თუმცა მათი მცირე მასშტაბის გათვალისწინებით დიდ გავლენას ვერ მოახდენდნენ ქვეყნის ეკონომიკაზე.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ია.

2. უმუშევრობის დონე (უმუშევრობის დონემ 2020 წლის III კვარტალში 17,0% შეადგინა)

მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილებები განხორციელდა სამუშაო ძალის სტატისტიკის გამოკვლევაში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქამდე სამუშაო ძალის გამოკვლევისას ხელმძღვნელობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის სახელმძღვანელოთი, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან ოფიციალურად გადავიდა ამავე ორგანიზაციის მიერ 2013 წელს შემოთავაზებულ ახალ სტანდარტებზე. აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებულ სამუშაოებს საქსტატი 2019 წლიდან აქტიურად აწარმოებდა.

დასაქმებულები იყოფიან ორ დიდ კატეგორიად, დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები, თავად თვითდასაქმებულთა კატეგორია მოიცავს 3 ქვეკატეგორიას: დამქირავებლები, ინდივიდუალურად მომუშავეები და ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე ადამიანები. სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორია იწვევდა დასაქმების მაჩვენებლების შეუსაბამობას. მათი ნაწილი რეალურად არ იყო დასაქმებული და დასაქმებულთა კატეგორიაში შეიძლება მხოლოდ იმიტომ მოხვედრილიყვნენ, რომ პირადი მოხმარებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებდნენ. ახალი მეთოდოლოგიით, კი სწორედ ამ კატეგორიის ადამიანების გადაკლასიფიცირება მოხდა. კერძოდ, ,,ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის.’’

მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, 2019 წელს უმუშევრობის დონე 11,6%-დან გაიზარდა 17,6%-მდე. აღნიშნულმა ცვლილება, ცხადია, იმოქმედა სოფლად უმუშევრობის დონის ცვლილებაზე, სადაც აქამდე ყოველთვის დაბალი მაჩვენებელი იყო. შედეგად, 2019 წელს უმუშევრობის 5,5% გაიზარდა 16,7%-მდე. მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ ცხადია გავლენა მოახდინა დასაქმების დონეზეც, რომელიც 2019 წელს 55,7%-დან 42,7%-მდე შემცირდა.

ცხადია, ახალი მეთოდოლოგიით მოხდა მწკრივში წინა წლების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. დინამიკაში კი უმუშევრობის დონე კვლავ კლების ტენდენციით ხასიათდება, რისი მთავარი მიზეზიც არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, რამაც არამარტო უმუშევრობის დონე შეამცირა, არამედ დასაქმების დონის კლებაც გამოიწვია.




3. საგარეო ვაჭრობა

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 202.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 15.9%-ით, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6%-ით ნაკლებია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, 4 169.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ია. ცხადია, პანდემიის პირობები, როცა დაწესდა ეკონომიკური შეზღუდვები, ამან, ერთის მხრივ, ადგილობრივი წარმოება შეამცირა, რაც აისახა შემცირებულ ექსპორტზე, ასევე, შემცირდა მოთხოვნა იმპორტზე. მარტსა და აპრილში წინა თვეებთან შედარებით ექპორტისა და იმპორტის კლება დაფიქსირდა. მომდევნო თვეებში კი, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებული იყო. იმპორტზე მოთხოვნის კლების მიზეზები შეიძლება ყოფილიყო გაყიდვების შეზღუდვა, მოსახლეობის დაბალმყიდველუნარიანობა, ასევე, ადგილობრივ წარმოებაში დიდია იმპორტის წილი და ექსპორტის შემცირება თავის მხრივ იმპორტის შემცირებასაც იწვევდა. ექსპორტში დიდია რეექსპორტის წილი, შესაბამისად ამ ნაწილში რეექსპორტის შემცირება პირდაპირ უკავშირდება იმპორტის შემცირებას. შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ავტოიმპორტიორები, რომელთათვის მთავრობამ პირველი ლოქდაუნის დროს შეღავათის გაწევის მიზნით 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე განბაჟების ვადა გაახანგრძლივა.

ექსპორტი სასაქონლო პოზიციებისა და ქვეყნების მიხედვით

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტმა 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3%-ით ნაკლებია. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (14,8%); აზერბაიჯანი (13,2%); რუსეთი (13,1%); ბულგარეთი (9,4%) და უკრაინა (6,3%).

მთლიან ექსპორტში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით წარმოდგენილნი არიან შემდეგი პროდუქტები: სპილენძის მადნები (22,4%); მსუბუქი ავტომობილები (12,1%); ფეროშენადნობები (7,7%); ღვინო (6,2%) და სპირტიანი სასმელები (3,8%). აღსანიშნავია, რომ სასაქონლო სტრუქტურა წლებია არ იცვლება, ერთი განსხვავებით. 2014-2017 წლებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო აზერბაიჯანში ევრო 4-ის სტანდარტის შემოღებისა და სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების გამო. ხოლო 2017 წლიდან ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა და მსუბუქი ავტომობილები კვლავ იკავებს წამყვან პოზიციას მთლიან საექსპორტო სტრუქტურაში. რაც შეეხება რეექსპორტს, მისი წილი მთლიან ექსპორტში 27,6%-ია.

იმპორტი სასაქონლო პოზიციებისა და ქვეყნების მიხედვით

2020 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტმა 7 186.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.9%-ით ნაკლებია.

უმსხვილეს საიმპორტო საქონელს წარმოადგენს: მსუბუქი ავტომობილები (9,5%); სპილენძის მადნები (6,9%); ნავთობი და ნავთობპროდუქტები (6,3%); სამკურნალო საშუალებები (3,9%) და ნავთობის აირები (3,5%). უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: თურქეთი (17,5%); რუსეთი (11,0%); ჩინეთი (9,0%); აშშ (6,8%) და აზერბაჯანი (6,8%).
იმპორტს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 70,4% უჭირავს, რომელიც ბოლო პერიოდში მცირე, მაგრამ კლების ტენდენციით ხასიათდება. იმპორტდამოკიდებულების მაღალი დონიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის გაუფასურება აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას, რაც შემდგომ ნეგატიურად აისახება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეც.

4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2020 წლის პირველ 3 კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით შემცირდა)

2020 წლის პირველ სამ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 719 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, საერთო მაჩვენებლის კლება გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების კატეგორიებში.ამ პერიოდის მთავარი ინვესტორი ქვეყნებია: გაერთიანებული სამეფო (249 705,4 მლნ აშშ დოლარი); ნიდერლანდები (149 436,4 მლნ აშშ დოლარი); აშშ (72 591,6 მლნ აშშ დოლარი); თურქეთი (51 943,6 მლნ აშშ დოლარი) და პანამა (35 312,2 მლნ აშშ დოლარი).

ყველაზე განვითარებული დარგი, რომელმაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა არის საფინანსო სექტორი (42,0%). ხოლო შემდგომ მოდიან სექტორები: სამთომოპოვებითი მრეწველობა; დამამუშავებელი მრეწველობა; ენერგეტიკა; მშენებლობა და უძრავი ქონება, რომელთა პროცენტული წილები 10%-ს არ აღემატება. საფინანსო სექტორის ლიდერობა წლებია გრძელდება, რაც ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში ეს სექტორი ყველაზე უკეთ არის განვითარებული. მეორე ტენდენცია, რაც გრძელდება, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება რეგიონების მიხედვით. აქ ლიდერია თბილისი, სადაც მთლიანი ინვესტიციების 73,6%-ია განხორციელებული. მეორე ადგილზე მყოფ აჭარაზე კი მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 4,4% მოდის. თბილისი, როგორც ინვესტიციების კუთხით, ისე სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებში ლიდერია. დიფერენციაცია იმდენად დიდია, რომ რამდენჯერმე აღემატება სხვა რეგიონების მაჩვენებლებს.

თბილისის ლიდერობა გაკვირვებას ნამდვილად არ იწვევს, მაგრამ სხვაობა ძალიან დიდია, რეალურად საქართველოს სხვა რეგიონებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ უფრო მეტად განვითარებული ეკონომიკა ჰქონდათ, მეტ ინვესტიციებსაც იზიდავდნენ და ასეთი სხვაობა არ გვქონდეს. საქართველოს დაბალ საინვესტიციო გარემოზე ისიც მიანიშნებს, რომ ქვეყანაში მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას ვაწარმოებთ და მცირე მოცულობიდან გამომდინარე არც კი განვიხილავთ პორტფელურ ინვესტიციებს, რაც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია. ქვეყნის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისათვის კი აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ ხდება.

საქართველოს დაბალი საინვესტიციო მიმზიდველობის გამოვლინებაა ის, რომ სხვა ქვეყნის დამატებითი დახმარებები გვჭირდება ინვესტორების მოსაზიდად. ამაზე მოწმობს ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. რაც ერთის მხრივ დადებითია, რომ აშშ როგორც პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით აქტიურობს, თუმცა მეორეს მხრივ მსგავსი ტიპის დახმარება ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს.

5. საშუალო ნომინალური ხელფასი

2020 წლის III კვარტალში საშუალო ნომინალური ხელფასმა 1239,5 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,8%-ით მეტია. სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასებია: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში (2 023,6 ლარი); ინფორმაცია და კომუნიკაციაში (2 150,6) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში (1 909,7 ლარი), ხოლო ტრადიციულად ყველაზე დაბალი ხელფასებია: განათლებასა (743 ლარი) და სოფლის მეურნეობაში (845,9 ლარი).

საშუალო ნომინალური ხელფასი კაცებისთვის შეადგენდა 1361,8 ლარს, ხოლო ქალებისთვის 869,1 ლარს. კაცების საშუალო ხელფასი აღემატება ქალბატონების საშუალო ხელფასს და ეს უკვე წლების განმავლობაში ტენდენციად იქცა. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ქალბატონები ძირითადად დასაქმებულები არიან დაბალ ანაზღაურებად დარგებში (მაგ; განათლების დარგში), ასევე მაღალ ანაზღაურებად დარგებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ხშირ შემთხვევაში მამაკაცები გვხვდება, რაც განსაზღვრავს კიდეც მამაკაცებში ხელფასების შედარებით მაღალ დონეს ქალბატონებთან შედარებით.

ნომინალური ხელფასის ზრდის პარალელურად იზრდება ფასების დონე, რაც ამცირებს ვალუტის მყიდველუნარიანობას, ხოლო მეორეს მხრივ წლების განმავლობაში იცვლება მოსახლეობის ცხოვრების წესი და იზრდება მათი მოთხოვნილებები. აქედან გამომდინარე, ხელფასისა და ზოგადად შრომის ანაზღაურების განხილვისას აუცილებელია ამ კომპონენტების გათვალისწინება, ხოლო ნომინალური შემოსავლები ადეკვატურად უნდა მიყვებოდეს მოსახლეობის მოთხოვნილებების ზრდასა და ფასების დონის მატებას.

6. ინფლაციის დონე - რეალური ხელფასი

2020 წელს წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. ინფლაციის დონე ნიშნავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტის ფასების საშუალო ზრდას. შესაბამისად, ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე გავლენა იქონია მთელ რიგ ჯგუფებში დაფიქსირებულმა დეფლაციამ. პირველ რიგში, ეს ეხება საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირის ჯგუფს სადაც კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირების გავლენით ფასები შემცირდა 21,7%-ით. კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის (-2,3%); დასვენება, გართობა და კულტურისა (-2,8%) და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში (-0,9%). თუმცა ყველაზე მეტად მოხმარებად ჯგუფებში, როგორიცაა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი 6,8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში 9,6%. შესაბამისად მივიღეთ, რომ პანდემიის პერიოდში მოსახლეობისათვის ყველაზე მოთხოვნად ჯგუფებში ფასების მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სამთავრობო სუბსიდირების პროგრამამ და ჩაკეტილი ეკონომიკის შედეგად სხვადასხვა ჯგუფებში დაფიქსირებულმა ფასების კლებამ, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 2,4%-მდე შეამცირა.

განვიხილოთ როგორ იცვლება რეალური ხელფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში. მონაცემებად აღებულია ყოველი წლის მესამე კვარტლის ხელფასები და გადაყვანილია 2015 წლის მესამე კვარტლის ბოლო თვის, სექტემბრის მუდმივ ფასებში. რეალური ხელფასის დინამიკა მოცემულია, მთლიანი ინფლაციის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფისა და ჯანდაცვის ჯგუფების მიმართ.

ბოლო ხუთ წელში, ანუ 2015 წელთან შედარებით ინფლაციის დონემ 20,6% შეადგინა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 29,1%-ით, ხოლო ჯანმრთელობის ჯგუფში 28,8%-ით. ცხადია ინდივიდუალურ პროდუქტებზე ინფლაციის განსხვავებული მაჩვენებლები იქნება მოცემული.



7. ტურიზმის სტატისტიკა 

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 80,5%-ით შემცირდა, ხოლო შიდა ვიზიტორების რაოდენობა - 5,6%-ით. ეკონომიკის დარგების მიხედვით, ყველაზე მძიმე წელი ტურიზმის სექტორისთვის იყო, რაც რიცხვებშიც აისახა, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია 2019 წლის ტურიზმის სარეკორდო მაჩვენებლების შემდეგ. საერთაშორის ვიზიტების რაოდენობა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 80,5%-ით შემცირდა. საერთაშორისო ვიზიტების 78% მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან განხორციელდა. ტურიზმის 2021 წლის მოსალოდნელ შედეგებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდა. Galt & Taggart-ის პროგნოზით, იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი 50%-ით აღდგება 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, ხოლო სხვა შემთხვევასი მაქსიმუმ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

რაც შეეხება შიდა ტურიზმის სტატისტიკას: 2020 წლის მესამე კვარტალში შიდა ვიზიტორების მიერ გაწეულმა ხარჯებმა 219,2 მლნ ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა რომ წინა კვარტლებთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,9%-ით შემცირდა. ძირითადი ხარჯები კი საყიდლებსა და კვებაზე მოდის. რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, მსგავსად ხარჯებისა, წინა კვარტლებთან შედარებით 2020 წლის III კვარტალში გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პენდემიის პერიოდში ანუ მეორე და მესამე კვარტლებში წინა წლის შესაბამის პერიოდებთან შესაბამისად შემცირებულია როგორც შიდა ვიზიტორების , ისე მათ მიერ გაწეული ხარჯების რაოდენობაც. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული ზარალის დაკომპენსირებას შიდა ტურიზმით ვცდილობდით წარუმატებელი აღმოჩნდა.

8. ფულადი გზავნილების სტატისტიკა 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2020 წლის 11 თვის განმავლობაში 1 686 303,0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,0%-ით მეტია. მიუხედავად პანდემიისა, ფულადი გზავნილები ის იშვიათი მაჩვენებელია, რომელიც ამ პერიოდში გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ფულის შემოტანის ერთადერთი გზა გადმორიცხვა იყო. პანდემიის პერიოდში, ფულადი ნაკადების ზრდა წინა პერიოდთან შედარებით ივნისიდან დაიწყო და ნეომბრის ჩათვლით გრძელდება. 2020 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გადმორიცხვა სექტემბრის თვეში მოხდა, ხოლო ყველაზე ნაკლები აპრილში.

იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით TOP-10 ქვეყანა არის: რუსეთი (323 205,0 ათასი აშშ დოლარი); იტალია (265 799,1 ათასი აშშ დოლარი) ; აშშ (196 048,9 ათასი აშშ დოლარი); საბერძნეთი (196 715,8 ათასი აშშ დოლარი) ; ისრაელი (141 286,2 ათასი აშშ დოლარი); თურქეთი (96 841,6 ათასი აშშ დოლარი); უკრაინა (78 028,1 ათასი აშშ დოლარი); გერმანია (65 838,9 ათასი აშშ დოლარი) ; აზერბაიჯანი (48 091,1 ათასი აშშ დოლარი); ესპანეთი (43 160,6 ათასი აშშ დოლარი).

სისტემების მიხედვით ფულადი გზავნილების ყველაზე მეტი ჩარიცხვა მოხდა: Western Union; Zolotaia Korona და RIA.