მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2020 წლის პირველი კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

5e14857b4fc6a
ირაკლი მაკალათია
07.01.20 17:02
4362
1. უწყლობა ზამთრის კურორტებზე:

გასული კვირის განმავლობაში, მოულოდნელად ქვეყნის მთავარ ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა, უწყლობის გამო, მრავალმა ვიზიტორმა კურორტი დატოვა, ნაწილმა კი სასტუმროებში ჯავშანი გააუქმა. ეს ერთის მხრივ მიმდინარე ფინანსური ზარალია ტურისტული სფეროსთვის და აქ მომუშავე ადამიანებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ სამომავლოდ უარყოფით იმიჯს შეუქმნის კურორტს, რაც შეიძლება შემცირებულ ტურისტულ ნაკადშიც აისახოს. აღნიშნული პრობლემა კურორტს 2018 წლის იანვრის ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ პერიოდშიც ჰქონდა, როცა რამდენიმე დღე ბაკურიანს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. გაერთიანებული წყალმომარაგების ტექნიკური ჯგუფი პრობლემის გამოსწორებას დაგვპირდა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით პრობლემის მოგვარებაც დაანონსეს. პრობლემა დღემდე გადაუჭრელია და როგორც ჩანს, ტურისტების პიკურ სეზონზე წყალმომარაგების სისტემა ვერ უზრუნველყოფს დამსვენებლების მიერ წყალზე არსებულ მოთხოვნილებებს. წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნა ზამთრის კურორტ გუდაურში, რის გამომწვევ მიზეზადაც დასახელდა: მშრალი კლიმატური პირობები, რამაც წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია, რამაც რეზერვუარების შევსებას პრობლემა შეუქმნა. პირველ ჯერზე სამდღიანი მუშაობის შედეგად „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება აღუდგა, თუმცა მილსადენის დაზიანების გამო დასახლებას წყალმომარაგების პრობლემა კვლავ შეექმნა (06.01.2020). პრობლემები შეიქმნა კომუნიკაციის მხრივაც, კერძოდ არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ, რომ მთლიან გუდაურს არ მიეწოდება წყალი და არ იყო დაზუსტებული ,,რედკოს დასახლება’’, ამან რამდენიმე სასტუმროში ჯავშნების გაუქმება და ფინანსური ზარალი მოუტანა სასტუმროებს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძის განცხადებით ბაკურიანსა და გუდაურში დამონტაჟებულ ხელოვნურ გათოვლიანების სისტემას სასმელი წყლის მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია, წყლის მარაგები ნოემბერში ჰქონდათ აღებული და სასმელი წყლის მიწოდების სისტემიდან არ ხდება გათოვლიანების სისტემის მომარაგება. არსებულ პრობლემას გამოეხმაურა მთავრობის წევრები. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა გუდაურისა და ბაკურიანში მყოფ დამსვენებლებს და განაცხადა რომ აღდგენის პროცესში ჩართული საავარიო ჯგუფები და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარე პროცესების გამოხმაურება იყო ისიც, რომ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თანამდებობიდან ეკა გალდავა მოხსნეს და მის ნაცვლად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, რომ ბაკურიანში 7 იანვრის დილიდან წყლის მიწოდება აღდგა, შეფერხება მხოლოდ რამდენიმე სასტუმროს აქვს, სადაც დღის ბოლომდე პრობლემა აღმოიფხვრება. მისივე განცხადებით, წყალმომარაგება აღდგენილია გუდაურში მდებარე „რედკოს“ დასახლებაშიც. 
იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად მილიონებს ხარჯავს საქართველოს ტურისტული იმიჯის ამაღლებაში, ხოლო მთავრობის მიერ შექმნილი შპს “საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია”, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს მთის კურორტების ფუნქციონირებაზე, ვერ უზრუნველყოფს ისეთი პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, როგორიც არის კურორტების სეზონზე სასმელი წყლით უზრუნველყოფა და ეს ყოველივე 2020 წელს პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული კი ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მიანიშნებს, რაც ცხადია დადებითად არ მოქმედებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

2. გაზრდილი სახელმწიფო პენსია და სოციალური დახმარება 

2020 წლის 1 იანვრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალური დახმარება 20 ლარით გაეზარდათ. 1 იანვრიდან საპენსიო ასაკის მქონე პირებს პენსია 20 ლარით გაეზარდათ და 220 ლარი შეადგინა. მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები კი 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პენსია დამატებით 30 ლარით გაიზრდება (ანუ ჯამურად 2019 წელთან შედარებით 50 ლარით იზრდება), ხოლო მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ. 

3. 112-ის გაზრდილი საფასური 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, საქართველოში რეგისტრირებული აბონენტები 112-ის საფასურის სახით, თვეში 40 თეთრს გადაიხდიან, ნაცვლად დღემდე არსებული 20 თეთრისა. დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება. 
ჯერ კიდევ მიმდინარე ზაფხულში, საკონსტიტუციო სასამართლომ „ლევან ალაფიშვილისა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა და აბონენტებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა არაკონსტიტუციურად ცნო. 

საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად 112 დაფინანსების ძირითადი წყაროს გარეშე დარჩებოდა, რაც მის ფუნქციონირებას საფრთხეს შეუქმნიდა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება. ხოლო წლის ბოლოს, ვინც გადასახადის გაუქმების ელოდა, ,,სიურპრიზი’’ მიიღეს, შსს-მ 112-ის მოსაკრებლის ზრდა კონსტიტუციურად ცნო და ახალი წლის დადგომა 112-ის გაორმაგებული გადასახადით აღნიშნეს. 
ვრცლად ამ თემაზე სტატია.

4. ინფლაცია - 2019

2019 წელს წლიური ინფლაციის დონემ 7,0% შეადგინა. ბოლოს ასეთი მაღალი ინფლაცია 2010 წელს დაფიქსირდა, როცა 11.2% შეადგინა. ინფლაციის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 12.3%-ით. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში ფასების მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ პროდუქტებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი). 2019 წელს ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ,,ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო’’-ს ჯგუფში (15.6%-ით), რის მთავარი გამომწვევი მიზეზიც აქციზის გადასახადის ზრდაა. ამავე პერიოდში 7.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში. ჯგუფში დასვენება, გართობა და კულტურა ფასები გაზრდილია 6,9%-ით. რაც შეეხება კავშირგაბმულობასა და ტანსაცმელი, ფეხსაცმლის ჯგუფს, დაფიქსირდა დეფლაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფი, სადაც წლებია ფიქსირდება დეფლაცია, რისი გამომწვევი მიზეზიც არის ის, რომ ყოველ მომდევნო პერიოდში ხდება წინა პერიოდის დაკვირვებაში მოხვედრილი პროდუქტების ფასებს შორის დადარება, რაც მუდმივად კლების ტენდენციით ხასიათდება. 

ვრცლად ამ თემაზე სტატია.



5.ანაკლიის პორტი 

ანაკლიის პორტი, რომელიც აქტუალური მიმდინარე წელსაც იქნება და ხშირად მოხვდება მიმდინარე ტოპ ეკონომიკურ თემებში. ანაკლიის პორტის პროექტს პრაქტიკულად ეკონომიკური თემატიკა ჩამოშორდა და მხოლოდ პოლიტიკური სახე მიიღო. პორტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული პროექტი იქნებოდა, მისი მშენებლობის კვლავ ჩიხშია შესული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, რომლის პირობებითაც უნდა მოეზიდა 400მლნ აშშ დოლარის სესხი საერთაშორისო ბანკებიდან, ინვესტორებისგან 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან. საქართველოს მთავრობა იმსჯელებს და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოიტანს. მოლოდინები რომ ხელშეკრულების პირობები ვერ შესრულდებოდა უკვე 2019 წლის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებიდან იქმნებოდა. როგორც ჩანს ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და რა შედეგებით დასრულდება ეს მთავრობის პოზიციასა და გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. 

ვრცლად ამ თემაზე სტატია. 

6. ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დეცენტრალიზაცია


საქართველოს მთავრობამ 2020−2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. რომლის თანახმადაც, უნდა გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლები, საშემოსავლო გადასახადისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის კუთხით. საშემოსავლო გადასახადის კუთხით ,,განხილული იქნება საშემოსავლო გადასახადის საზიარო წილის/პროცენტის ცვლილება. შემუშავდება საკანონმდებლო ბაზა საშემოსავლო გადასახადის ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად", ხოლო ქონების გადაცემის კუთხით, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის და რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდება. ცხადია აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსურ დეცენტრალიზაციას, თუმცა რამდენად საკმარისია ეს ყოველივე და რამდენად ეფექტიანად განხორციელდება აღნიშნული გადაწყვეტილებები ამას მომავალი გვიჩვენებს.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

7. საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის ტარიფის ცვლილება

სემეკმა საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს წყლის ტარიფის 2 ვარიანტი წარუდგინა, საიდანაც, მომხმარებელს უფლება აქვს ერთ-ერთი აირჩიოს. პირველი მოდელით: საოჯახო სასტუმროს მფლობელის მიერ მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება თვის განმავლობაში 25მ3-ს ზემოთ წყლის მოხმარებას. მეორე მოდელით კი ობიექტის განცალკევება მოხდება პირად საყოფაცხოვრებო და ტურისტების მომსახურების ზონებად, ხოლო ტურისტების მომსახურების ზონაში სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ცხადია აღნიშნული გადაწყვეტილება ტურისტულ მომსახურებას გააძვირებს, რაც დამატებითი ხარჯი იქნება საოჯახო სასტუმროების მფლობელებისათვის. 
ვრცლად 2019 წელს დაგეგმილ რეგულაციებზე სტატია.

8. ექსპორტზე გატანილი ლოკოკინა

ნოემბერში სამეგრელოდან ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ კი იტალიაში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა გავიდა. 1 კგ-ის ღირებულება 4.5 ევრო იყო. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში კომპანია "ნადი გრუპმა" ლოკოკინების ფერმა 2019 წლის სექტემბერში გახსნა. ლოკოკინების ფერმაში ამ ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.’’ ქართული ექსპორტის ზრდა, განსაკუთრებით კი ჩვენთვის ახალი ბაზრების აღმოჩენა და ათვისება მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის. 

ვრცლად ამ თემაზე სტატია

9. ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირები სალარო აპარატის გამოყენებისგან 2022 წლამდე თავისუფლდებიან

სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, გადაიდო. ის ფიზიკური პირები, რომლებიც ბაზრის ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და არ იყენებენ დაქირავებულ მუშა-ხელს, 2022 წლის 1 იანვრამდე სალარო აპარატების გამოყენებისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული კანონი, რომელიც გასულ წელს პარლამენტმა 77 მომხრით დაამტკიცა, 1 იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა აპარატის გამოყენებისგან არ თავისუფლდებიან მცირე ბიზნესის სტატუსტის მქონე ფიზიკური პირები ან ის პირები რომლებიც დღგ-ის გადამხდელებად არიან დარეგისტრირებულნი. ცხადია მსგავსი შეღავათების მიცემა მოვაჭრეებისათვის დადებითი ფაქტია, თუმცა ეს საგადასახადო ვალდებულება თავად მთავრობამ მიიღო და შემდეგ გადაავადა და რამდენად დადებითი მოვლენა მოხდა თავად განსაჯეთ. დაბალ შემოსავლიანი ადამიანებისთვის, რომლებიც მცირე ვაჭრობით ირჩენენ თავს, დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება კიდევ უფრო გააუარესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. 

10. ლარის კურსი 

2020 წლის პირველ იანვარს 1 დოლარის ღირებულება 2.8661 ლარს შეადგენდა, 7 იანვრის მონაცემებით კი 2.8716-მდეა გაზრდილი. 

ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. პირველ იანვარს 1 ევროს ღირებულება 3.2143 ლარს შეადგენდა, ხოლო 4 იანვარს 3.2150 ლარს