მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში სამშენებლო პროექტების მოგების მარჟა 42%, გუდაურში კი 33%-ია

63f60654597b8
შოთა ტყეშელაშვილი
22.02.23 16:35
823
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. დოკუმენტში თბილისის და ბათუმის გარდა, კურორტების - გუდაურის და ბაკურიანის უძრავი ქონების ბაზრებზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, ბაკურიანში სამშენებლო პროექტების საერთო მოგების მარჟა 42%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ის თბილისში 36%, გუდაურში კი 33%-ია.

მოგების მარჟის დასათვლელად ეროვნული ბანკის მკვლევრებმა ამ ქალაქებში არსებული კონკრეტული პროექტების დეველოპერების ფინანსური მაჩვენებლები შეისწავლეს.

ანგარიშის მიხედვით, გასაყიდი საცხოვრებელი ფართის საშუალო მოცულობა ბაკურიანში უფრო დიდია ვიდრე გუდაურში. ბაკურიანი გუდაურთან შედარებით საოჯახო დასვენების ადგილად ითვლება, რაც დაპროექტებული ფართების საშუალო მოცულობაზეც ახდენს გავლენას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაკურიანში აპარტამენტებთან ერთად გუდაურისგან განსხვავებით კოტეჯებიც პოპულარულია, რაც საცხოვრებელი ფართების საშუალო ფართობს ზრდის.

სებ-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ განსხვავებით თბილისის და ბათუმის ბაზრებისა, ბაკურიანში უძრავი ქონების ფასი 2022 წელს არ გაზრდილა. წლის დასაწყისში თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებულ ბინაში ერთი კვადრატული მეტრი 866 დოლარი ღირდა, 2022 წლის სექტემბერში კი ეს ფასი 1%-ით იყო შემცირებული.

გუდაურში კი პირიქით, ფასები გაზრდილია. თუკი გასული წლის იანვარში საშუალო ფასი თეთრი კარკასის მდგომარეობაში არსებულ ბინაზე 934 დოლარი იყო, სექტემბრის მდგომარეობით მისი ღირებულება 11%-ით იყო გაზრდილი.

“ზამთრის კურორტებზე სამშენებლო პროექტების შედარებით მცირე მოცულობიდან გამომდინარე მიწის ღირებულებას სამშენებლო ხარჯებში უფრო მეტი პორცია აქვს ვიდრე ზღვისპირეთში, სადაც მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსები შენდება.

თუ ბათუმის სამშენებლო პროექტების თვითღირებულებაში ხარჯებს მეტნაკლებად თანაბარი მოცულობა აქვთ, ზამთრის კურორტებზე მიწას გამოხატულად დიდი ადგილი უჭირავს. მიზეზი პროექტებში ფიქსირებული და ცვალებადი ხარჯების პროპორციებია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები