20.ოქტომბერი .2021 23:10

2021 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიები 0.5 მლნ ვიზიტორმა მოინახულა - 52% უცხოელია

2021 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიები 0.5 მლნ ვიზიტორმა მოინახულა - 52% უცხოელია
views 492
უკან

საქართველოში მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1 188 234 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13.2%-ით არის შემცირებული, ხოლო 2019 წელთან მიმართებით 80.1%-ით.

BM.GE დაინტერესდა - რა დატვირთვით მუშაობდა დაცული ტერიტორიები ზაფხულის სეზონზე, რადგან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღება თითქმის 1-წლიანი შესვენების შემდეგ 2021 წლის 26 მაისს განახლდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 500 853 ვიზიტორი ეწვია.

„2019 წლის 9 თვის მონაცემთან (1 032 293) მიმართებით, 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 52%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ტურისტულად აქტიური 9 თვის ფონზე, მიმდინარე წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მხოლოდ 4 თვეში, მას შემდეგ, რაც 26 მაისიდან ვიზიტორთა მიღება აღდგა, 2019 წლის ვიზიტორთა რაოდენობის თითქმის ნახევარს გამასპინძლება შეძლო“, - აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10.4-ჯერ გაიზარდა. ვიზიტორთა შორის 48% საქართველოს (242 601), ხოლო 52% (258 252) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

აღსანიშნია, რომ დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს სტუმრობდა. დაცული ტერიტორიების ამოქმედების შემდეგ კი ვიზიტორთა ინტერესი სხვადასხვა ადგილის მიმართ ასეთი იყო:

1. მარტვილის კანიონი
2. პრომეთეს მღვიმე
3. ყაზბეგის ეროვნული პარკი
4. ოკაცეს კანიონი
5. მტირალას ეროვნული პარკი
6. თბილისის ეროვნული პარკი
7. სათაფლია
8. ალგეთის ეროვნული პარკი
9. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
10. ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

"ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, მომავალი წელი, ტურისტული თვალსაზრისით, აქტიური იქნება. საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს განახლებული სივრცეებითა და მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება ერთ-ერთ უპირველეს საქმიანობას წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას, შესაბამისად მომდევნო 10 წლის პერსპექტივაში ველოდებით, რომ ვიზიტორთა რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს", - ამბობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა