მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან საპარტნიორო ფონდი, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება

6139ddf0e7d33
ინგა მურუსიძე
09.09.21 14:11
5801
საქართველოს პარლამენტის ბიურომ საშემოდგომო სესიის საორიენტაციო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი მოიცავს კანონპროექტებს, რომელთა მომზადება და მიღება მიმდინარე წელს იგეგმება.

გეგმაში ერთ-ერთი საკითხად „სააქციო საზოგადოება - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაც არის გაწერილი.

მოკლე აღწერაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სს ,,საპარტნიორო ფონდში“ რეფორმების აუცილებლობით არის განპირობებული.

„პროექტის მიღებით 2022 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოს განვითარების ფონდის რეფორმირებული სახით და სრულყოფილად ამოქმედება“, - ნათქვამია პარლამენტის გეგმაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას გამოიწვევს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანია, რომელმაც 2015-2019 წლებში 1.17 მილიარდი ლარით იზარალა, ახლა სახელმწიფო სუბსიდიაზე იქნება დამოკიდებული.

Bm.ge შეეცდება, აღნიშნულ თემაზე მეტი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მიიღოს.

შეგახსენებთ: უკვე მეოთხე წელია, რაც მთავრობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. Bm.ge-ის ინფორმაციით, განიხილება როგორც ფონდის გაუქმება, ისე - რეფორმირება. ამ მხრივ, ერთ -ერთ საკვანძო საკითხს სწორედ დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. ამ დროის განმავლობაში კი, საპარტნიორო ფონდს, IMF-ის რეკომენდაციით ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყება აკრძალული აქვს.

"საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. 2015 წლიდან დღემდე ფონდს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

2020 წლამდე "საპარტნიორო ფონდის" შემადგენლობაში ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიები, ესკო და სახელმწიფო ელექტროსისტემაც შედიოდნენ, თუმცა ფონდის რეფორმირების პროცესის შედეგად აღნიშნული ფირმები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ამჟამად, "საპარტნიორო ფონდის" ქვეშ არსებული მთავარი კომპანიები სისტემატიურად ზარალიანი "საქართველოს რკინიგზა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციაა", რომელიც შედარებით უკეთესი ფინანსური შედეგებით გამოირჩევა. 

საპარტნიორო ფონდს 2020 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ არ გაუსაჯაროებია.