ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერის სტატუსი მოიპოვის, გაათმაგებული ძალისხმევაა საჭირო.
ამის შესახებ მან ეკონომიკის სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილია.
„როც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პანდემიის ვარდნის შემდეგ, როდესაც 2020 წელს -6.2% ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, ჩვენ კვლავაც დავრჩებით და ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო ვიქნებით; ეს ნიშნავს იმას, რომ გვჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ ლიდერის სტატუსს.
ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია - უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აპრილსა და მაისში საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა სულ მცირე 8% იქნება. ეს ნიშნავს, რომ გასული წლის ვარდნას სრულად გავანულებთ და აბსოლუტურ ზრდაზე გადავალთ, ხოლო შემდეგ 2025-2030 წლებში 5%-5.2%-იან ზრდას შევინარჩუნებთ, რაც ეკონომიკური ზრდის რეგიონალური ლიდერის სტატუსს განგვიმტკიცებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ზრდისთვის, არამედ სიღარიბის დაძლევისთვის სჭირდება.




























