მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24 საათში საქართველოში 13 884 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული რაოდენობაა

60ffb76444e48
BM.GE
27.07.21 11:39
996
სტატისტიკის მიხედვით, გუშინ საქართველოში 13,884 ვაქცინაცია ჩატარდა, რაც ჯერჯერობით ერთ დღეში აცრილთა რეკორდული რაოდენობაა. შედეგად, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა 142 254 გახდა (მოსახლეობის 3.8%), ხოლო ერთი დოზით აცრილია 276,144 ადამიანი. იმისთვის, რათა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას ყოველდღიურად 19,000 ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს. 

დღესვე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 2021 წლის პიკი დაფიქსირდა - გამოვლინდა 3,666 ახალი შემთხვევა, რაც 2020 წლის 14 დეკემბრის შემდეგ ერთ დღეში ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი ახალი შემთხვევების 7-დღიანი საშუალო და ისიც გასული წლის დეკემბრის შემდეგ პიკურ მაჩვენებელზეა. 

საქართველოს მთავრობა არსებულ ეპიდემიურ ვითარებას "მეოთხე ტალღას" უწოდებს. 

"ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა. ამასთან დაკავშირებით სრული მობილიზაცია უკვე დაწყებული არის ჯანდაცვის სექტორიში. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და საკუთარ გარემოცვას, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში WHO-ს რეგიონულმა დირექტორმა სილვიუ დომენტემ, რამდენიმე დღის წინ BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

"არ მგონია ვინმე საქართველოში ვაქცინაციის ტემპით იყოს კმაყოფილი. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. მთავარი მიზეზი იყო ვაქცინების რაოდენობა. ვიცით, რომ საქართველო ძალიან ადრეულ ეტაპზე იყო უკვე მზად მასობრივი ვაქცინაციისთვის, მოამზადა ძალიან დეტალური ეროვნული გეგმა, გაწვრთნა ადამიანები - მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში ამ დრომდე საკმაოდ ცოტა ვაქცინაა შემოსული. თუმცა, იმ ვაქცინებიდან, რაც საქართველომ მიიღო, ათვისების მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი - დაახლოებით 97%. ვაქცინების ნაკლებობა იყო და ამიტომ ვერ მოხერხდა მასობრივი ვაქცინაციის დაწყება.

ახლა საქართველომ დამატებით მიიღო 1 მილიონი ვაქცინა და ველოდებით, რომ რეალური მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მიზანი, რომ სექტემბრის ბოლომდე გლობალურად მოსახლეობის სულ მცირე 10% იყოს აცრილი, 40% - დეკემბრამდე და 70% მომავალი წლის შუამდე. ეს გლობალური სამიზნეებია. საქართველო კიდევ უფრო შორს წავიდა და მიზნად დაისახა წლის ბოლომდე აცრას მოსახლეობის 60%. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიზანს,"- აცხადებს სილვიუ დომენტე.