მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

25 წლის ქართველმა მეღვინემ ბორდოში ორი ღვინის ქარხნის ზედამხედველობა ჩაიბარა

63024a1c92073
თამთა ჯიჯავაძე
21.08.22 21:00
14787
25 წლის ქართველმა მეღვინე ანა ალასანიამ საფრანგეთში, კერძოდ ბორდოს რეგიონში, ორი ღვინის ქარხნის ზედამხედველობა ჩაიბარა. ქარხნები, რომელთაც კომპანია Vignoble K ფლობს, წელიწადში დაახლოებით 37 500 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

„ვაწარმოებთ წითელ მშრალ ღვინოს მერლოსა და კაბერნე ფრანის "ასამბლიაჟით". ორი ქარხანა უშვებს ოთხი დასახელების ღვინოს, რომლიდანაც სამი ეკუთვნის პომეროლის რეგიონს, მეოთხე კი სანტ-ემილიონის“, - აღნიშნავს ანა ალასანია bm.ge-სთან ინტერვიუში.

როგორც ის ამბობს, Vignoble K-ში მუშაობის დაწყებამდე ის ბორდოში მდებარე შატო Pichon Longueville Comtesse de Lalande-შიც მუშაობდა.

„დაახლოებით სამი წლის წინ მეღვინეობა-მევენახეობის განხრით ბორდოში მაგისტრატურაზე ჩაბარება გადავწყვიტე. სწავლის ბოლო წელს სამაგისტრო ნაშრომისთვის სტაჟირება შატო Pichon Longueville Comtesse de Lalande-ში (ბორდოს რეგიონში კერძოდ მედოკის ოლქში) გავიარე, სადაც სტაჟირების და დიპლომის აღების შემდეგ ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს და დავრჩი სამუშაოდ. იქ ძირითადად ვენახში მიწევდა მუშაობა“, - ამბობს ანა ალასანია.

ორი თვის წინ კი მას ახალი სამსახური Vignoble K-ში გამოუჩნდა, სადაც უკვე უვადო კონტრაქტი გაუფორმეს ორ პატარა ღვინის ქარხანაში, რომელიც ოთხი დასახელების ღვინოს აწარმოებს.



ახალგაზრდა მეღვინე ბორდომდე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. როგორც ის ამბობს, პირველი სამსახური ღვინის მაღაზია-ბარი „8000 მოსავალი“ იყო, სადაც ის ღვინის კონსულტანტად და მიმტანად მუშაობდა. „იქ მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა და გამაცნო ქართული ღვინის ბაზარი“, - ყვება ანა.

ის ამბობს, რომ შორეულ მომავალს საქართველოს უკავშირებს, მანამდე კი სურს სამუშაო გამოცდილება საფრანგეთში დააგროვოს, რათა შემდეგ საინტერესო იდეით და გეგმით დაუბრუნდეს სამშობლოს.