მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$277 მილიონზე მეტი ღირებულების 46 ჰიდროელექტროსადგურზე ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა გავაფორმეთ - თურნავა

613b0141da02a
BM.GE
10.09.21 10:49
756
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.

მილოცვაში ნათია თურნავამ რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო ერთი განმავლობაში განხორციელდა.

„გასულ წელს ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ და მასშტაბური რეკონსტრუქციის მიზნით გავაჩერეთ საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური. მსგავსი მასშტაბის რეკონსტრუქცია ენგურჰესზე რამდენიმე ათეული წლის წინ განხორციელდა. ქვეყნის უმსხვილესი ჰესის გამართული ფუნქციონირებისა და წყლის დანაკარგების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის აუცილებელი იყო ძირეული სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ენგურჰესში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სადგური შეძლებს წელიწადში დამატებით 103 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, როდესაც მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შენელდა, 46 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე გაფორმდა ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა დარგის პოტენციურ ინვესტორებთან. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე - 202,55 მგვტ, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 1004.16 გვტ.სთ - ია. რაც შეეხება სავარაუდო ინვესტიციას, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელებაში უნდა დაიხარჯოს, 277 მლნ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ არატრადიციული ენერგეტიკული სიმძლავრეების ათვისებას და მათ კომერციალიზაციას. ამ მხრივ, გამონაკლისი არც გასული წელი იყო - ამ პერიოდში ჩვენ ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა ქარის ელექტროსადგურის 7 პროექტზე და მზის სადგურის 1 პროექტზე გავაფორმეთ. ქარის ენერგიის ათვისებით, ჩვენ მივიღებთ 7 სადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 106.6 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 413.3 გვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია 134 მლნ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

რაც შეეხება მზის ელექტროსადგურს, მისი დადგმული სიმძლავრე 68 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 87.9 გვტ.სთ, ხოლო ინვესტიცია დაახლოებით 36 მლნ. ევროს შეადგენს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ენერგეტიკული სექტორის მიმდინარე რეფორმა ასევე ითვალისწინებს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების წახალისებას, ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მხარდაჭერის სქემა და მომავალშიც იგეგმება სათანადო ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც აისახება, მათ შორის, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ გეგმებში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 9 ჰიდროელექტროსადგური დადგმული სიმძლავრით 45.58 მგვტ. და წლიური გამომუშავებით 256.2 გვტ.სთ. რაც შეეხება ინვესტიციას, აღნიშნულ პროექტებში 95 მლნ. აშშ. დოლარზე მეტი განხორციელდება.

„ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ენერგეტიკა დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. გასული წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით - 45.88 მგვტ, წლიური გამომუშავებით - 219.77 გვტ.სთ, ინვესტიციით - 75.9 მლნ. აშშ. დოლარი,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.