მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

34 საქმე, რომელიც 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას გადაუგზავნა

5e26ff709fe59
ინგა მურუსიძე
22.01.20 13:10
1677

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს სულ 78 ანგარიში გამოაქვეყნა და მათგან 34 ანგარიშის მასალები შემდგომ გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

აღსანიშნავია, რომ "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" ორგანული კანონის 241-ე მუხლის თანახმად, სამსახური ვალდებულია, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს აუდიტის ჩატარების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის შემცველი მასალების გადაცემის შემდეგ მიიღებენ.

bm.ge გეგმავს, დაინტერესდეს აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილი საქმეების მიმდინარეობით და კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ, მაგრამ იქამდე შეგახსენებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმ ანგარიშებს, რომელიც ირაკლი მექვაბიშვილის უწყებამ შემდგომი რეაგირების მიზნით პროკურატურაში გადაგზავნა: 

1. ა(ა)იპ - საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჭიდაობის ფედერაციაში 2016-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ უწყებაში ძირითადი დარღვევები თანამდებობრივ სარგოებს ეხება და ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხორციელდება საწესდებო მოთხოვნის შეუსაბამოდ, უფლებამოსილების გადამეტებით.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციისა“ და „ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.

ქუთაისის შემთხვევაში, აუდიტის სამსახურმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით არაერთი ნაკლოვანება აღმოაჩინა, მათ შორის სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საკითხი, რომლის კონკურსის პირობები მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებზე, ამასთან, უდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტში ხშირია თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინება, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას და ა.შ.

3. შპს „საქართველოს ფოსტის“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი;

სხვა დარღვევებთან ერთად აუდიტის დასკვნაში მოხვდა 2018 წელს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ შორის გაფორმებული შეთანხმება ქირავნობის შესახებ. როგორც სახელმწიფო აუდიტი ასკვნის, ხელშეკრულების გაფორმებისას იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, კერძოდ, ხელშეკრულებებს, როგორც ფოსტის, ისე ლატარიის კომპანიის მხრიდან, ხელს აწერს ერთი და იგივე პირი, რომელიც ერთდროულად არის ორივე კომპანიის გენერალური დირექტორი.

4. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სახმელეთო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ აუქციონში, შპს „ჯორჯიან ბასმა“ გაიმარჯვა, რაც გარკვეული დარღვევებით მოხდა. კერძოდ, შესაბამის ვებგვერდზე არ იყო გამოქვეყნებული აუქციონის დეტალური პირობები, რითაც დაირღვა აუქციონის ჩატარების მნიშვნელოვანი პრინციპები: საჯაროობა და გამჭვირვალობა, ამასთან, შპს „ჯორჯიან ბასი“, რომელიც აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა, ვერ აკმაყოფილებდა აუქციონის პირობას, რადგან არ ჰქონდა მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება და ა.შ. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს „ჯორჯიან ბასი“ ხელშეკრულებით განსაზღვრული 7 მიმართულებიდან, ასრულებდა მხოლოდ 3 მიმართულებას − თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართულებებით, ხოლო მგზავრები გუდაურიდან, ბაკურიანიდან, მესტიიდან და ზუგდიდიდან - ქუთაისში და შემდეგ პირიქით, არ გადაჰყავდა. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე ან/და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება გართულებული იყო.


5. ძალოვანი უწყებების უნიფორმით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს თავდაცვის; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. აუდიტის სამსახურის დასკვნით ძალოვანი უწყებების მოსამსახურეები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი.


6. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის მასალები. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო. ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის CEO-ს ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ორგანიზაცია ხელფასებს იმაზე მაღალი ტემპით ზრდიდა, ვიდრე მისი შემოსავლები იზრდებოდა. ამ პერიოდში ელექტროსისტემას სულხან ზუმბურიძე ხელმძღვანელობდა.


7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის მასალები.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი რაოდენობის და ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მის ბალანსზე ირიცხებოდა 4,7 მილიარდი ლარის ღირებულების აქტივები. აქედან, უძრავი ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება 1,7 მილიარდ ლარს აღემატება. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული გარკვეული ოდენობის უძრავი ქონება აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად ანუ არ არის შეფასებული, რის გამოც მათი ღირებულება ფინანსურ ანგარიშგებაში არ აისახება. შესაბამისად, სამინისტროს ერიცხება გაცილებით უფრო მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება, ვიდრე ეს ბალანსით არის წარმოდგენილი.

გარდა ამ მასალებისა,  აუდიტის სამსახურმა პროკურატურას 2019 წელს გამოსაძიებლად სხვა ანგარიშებიც გადაუგზავნა. მათ შორისაა:

ა) თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების „გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის და რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი;

გ)საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) 2014-2017 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;

დ) სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო შესყიდვების 2017-2018 წლების (შემდეგ − უნივერსიტეტი) შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიმდინარე აუდიტი (სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო).

ასევე პროკურატურაშია გადაგზავნილი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი, მათ შორის, ონის, ხობის, ლენტეხის, წალენჯიხის, საგარეჯოს, კასპის, საჩხერის, სენაკის, სამტრედიის, ჩოხატაურის, ცაგერის, ფოთის, მარნეულის, გორის, ხელვაჩაურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების.

აღნიშნული ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.