22.თებერვალი .2020 09:50

350 000 ლარის ინვესტიცია და 10 კოტეჯი - მესტიაში ტურისტული ობიექტი „ბუდე“ ამოქმედდება

views 5987
უკან

მიმდინარე წლის ივნისიდან მესტიის ტყეში ახალი დასასვენებლი ადგილი „ბუდე“ ამოქმედდება, - ამის შესახებ BM.GE-ის „ბუდეს“ დამფუძნებელმა თათია თეთრაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბიზნეს იდეა მის ოჯახში გაჩნდა და განხორციელებასაც მალე შეუდგნენ - საკუთარი ინვესტიციითა და ნაწილობრივი კრედიტით კოტეჯების მშენებლობა დაიწყეს.

„350 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ იმისთვის, რომ მესტიიდან 1.5 კმ-ში ტყეში 10 კოტეჯის მშენებლობა დაგვეწყო. 4 კოტეჯი 4-ადგილიანი იქნება, ხოლო - 6 კოტეჯი - 2-ადგილიანი. ვქმნით ეგზოტიკურ გარემოს. დიდი შენობების აშენებას არ ვაპირებთ გვერდით მოეწყობა ღია რესტორანი, რომელიც ჩვენთან ჩამოსულ დამსვენებელს მოემსახურება“, - ამბობს თათია თეთრაშვილი.

როგორც ახალი ტურისტული ობიექტის იდეის ავტორი აღნიშნავს, ყველა კოტეჯი კეთილმოწყობილი იქნება და ღირებულებაში შევა საუზმეც.

„რადგან მესტიიდან მოშორებით იქნება, გვექნება ყველანაირი მარკეტის პროდუქტი და ნომერში მიტანას უზრუნველვყოფთ. 2-ადგილიანი ნომრის ღირებულება 150 ლარი იქნება, 4-ადგილიანის კი - 250 ლარი. კოტეჯების მშენებლობა 15 აპრილს დასრულდება და თოვლის გადნობის შემდეგ დაგვჭირდება დრო გარე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სავარაუდოდ, ივნისისთვის „ბუდე“ პირველი დამსვენებლის მიღებას შეძლებს. ჩვენ მათ ეგზოტიკურ და კომფორტულ გარემოს შევთავაზებთ“, - ამბობს „ბუდეს“ მფლობელი.

მისივე თქმით, სამომავლოდ მყუდრო ტურისტულ ლოკაციას საცურაო აუზი და საუნაც შეემატება.

„მომავალში, გვინდა, რომ საცურაო აუზი და საუნაც გავაკეთოთ. სვანეთში ტურისტებისგან ყოველთვის არის მოთხოვნა აუზებსა და საუნაზე, რაც მათ დასვენებასა და განტვირთვაში ეხმარება. შესაბამისად, ამის განხორციელებას მომავალი წლიდან ვფიქრობთ. სვანეთში საუნა ბევრგან არ არის და აუზი არც ერთ ტურისტულ ობიექტს არ აქვს“, - აღნიშნა თათია თეთრაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა