მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთი განაშენიანებით მესტიის ტურისტული მომავალი მოისპობა“ - სასტუმრო მესტიაში

648aa87ae714b
ლიკა მეგუთნიშვილი
18.06.23 21:33
1626
„ასეთი განაშენიანებით მესტიის ტურისტული მომავალი მოისპობა“ - ამის შესახებ BMG-სთან სასტუმრო „ფალიანი“-ს დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მესტიის გენგეგმის ამ დრომდე არ დამტკიცებულა, რის გამოც ქალაქში შენობები ყოველგვარი წესებისა და სტანდარტების გარეშე შენდება. ქაოსური განაშენიანება კი, მესტიის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

„ამის გამო არც ერთი სტუმარი აღარ ჩამოვა დასავლეთ ევროპიდან ან იმ ქვეყნებიდან, რომელზეც გვაქვს ორიენტირი, ვგულისხმობ მაღალ მსყიდველუნარიან ტურისტებს. თუ მათ ის ავთენტური გარემო აღარ დახვდებათ, რის გამოც ისინი აქაურობას სტუმრობენ, კორპუსის ტიპის სასტუმროებში დასასვენებლად ნამდვილად არავინ ჩამოვა. გარდა ამისა, განაშენიანების გენგეგმის დამტკიცება პარკირებისა და საცობების პრობლემასაც მოაგვარებდა, რაც განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვინც ამას ვერ ხვდება და ასევე სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ რეაგირებას მთავრობის მხრიდან. ასე ვთქვათ, მიტოვებულები ვართ. იმედია, რაღაც შეიცვლება“, - აცხადებს სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი, ეკა გველესიანი.

მესტიის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცების აუცილებლობაზე საუბრობს სასტუმრო „ბუდე“-ს დამფუძნებელი თათია თეთრაშვილიც და იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ გენგეგმის დაუმტკიცებლობის თან სდევს.

„ვფიქრობ, დაგეგმარება ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მესტიას იერსახე დაკარგულია აქვს. არ არის განსაზღვრული პარკირების ადგილები, რის გამოც ქაოსურად აჩერებენ მანქანებს. ეს კი, ქალაქს თავის სილამაზესა და ხიბლს უკარგავს. ამაზე არ ვიცი საერთოდ ვინმე ფიქრობს თუ არა, რადგან პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმულ ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელმა თათია თეთრაშვილმა.

ცნობისთვის: მესტიისა და მულახის სივრცითი მოწყობისა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მულახის გენგეგმა დამტკიცდა, თუმცა მესტიას ამ დრომდე არ აქვს დოკუმენტი, რითაც მისი განაშენიანება უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები