მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

350 თანამშრომელი გაიფიცა, "ბორჯომის" ორი ქარხანა გაჩერდა - რას ითხოვენ გაფიცულები?

60a36dafadae4
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.21 11:33
2569
ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა - ინფორმაციას ამის შესახებ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულულია პოლიცია.

„მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება.

დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ.

გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე, მიმდინარეობდა 21–დღიანი სამედიაციო პროცესი, რომელშიც პროფესიულ კავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც იყო ჩართული, თუმცა მედიაცია უშედეგოდ დასრულდა“, - განუცხადა BM.GE-ის აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ.

მისი თქმით, გაფიცვა დასაქმებულების მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

„აქციაში 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს, შედეგად ორივე ქარხნის მუშაობა სრულად გაჩერდა. იმედი გვაქვს, რომ კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის შეხვედრა შედგება და გაფიცულების მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები