მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 რამ, რაც საქართველოს სასტუმროების სექტორში მოხდება - Colliers-ის პროგნოზი

5ebaa0e6f0948
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.20 17:11
1531
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის ქართულმა ოფისმა შექმნა ახალი პლატრომა Recov.ge, რომელიც სავაჭრო, საცხოვრებელი, საოფისე და ტურისტული დანიშნულების უძრავი ქონების ბაზრებზე COVID-19-ის კრიზისის მოსალოდნელ შედეგებს და პროგნოზებს აერთიანებს. Colliers-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ადამიანები დასვენებისა და განტვირთვისთვის, პოსტ COVID პერიოდში მოგზაურობას კვლავ მიანიჭებენ უპირატესობას, გლობალური ტურიზმის მიქსში, სავარაუდოდ, შემცირდება მათი წილი, ვინც სამსახურებრივი დანიშნულებით მოგზაურობს, რადგან სავარაუდოდ, ბიზნესები კონფერენციებისა და ფართო შეკრებების გამართვას მოერიდებიან. ეს კი, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის სეგმენტს მნიშვნელოვან კლიენტებს შეუმცირებს.

ამასთან, Colliers-ი აღნიშნავს, რომ მხოლოდ თბილისში 2020 წელს 1,070 ახალი საშუალო და მაღალი კლასის სასტუმრო ნომრის მიწოდება იყო პროგნოზირებული. აქედან, 626 მაღალი და 450 საშუალო კლასის ნომერი უნდა ყოფილიყო. განახლებული შეფასებით, ახალი ტურისტული ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა და შესაბამისად, ამ ნომრების მიწოდებაც გადავადდება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც Colliers-ი ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ სავარაუდოდ, ადგილობრივი ტურიზმის სასარგებლოდ შეიცვლება თანაფარდობა იმ თანხაში, რასაც საქართველოს მოსახლეობა დასვენებაში ხარჯავს. შესაბამისად, ეს ქართული კურორტებისთვის ქმნის პოტენციალს მათ მომხმარებლებში ადგილობრივთა წილი გაიზარდოს.

4 რამ, რაც Colliers-ის პროგნოზით, საქართველოს სასტუმროების სექტორში მოხდება:

1) საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო პროგნოზები შედარებით პოზიტიურია დასვენების ტურიზმის მიმართულებით, თუმცა ნაკლებად იმედისმომცემი საქმიანი მოგზაურობების კუთხით. დარგის სპეციალისტების აზრით, საქმიანი ტურისტები შეიკავებენ თავს ხშირი ფრენებისა და გადაადგილებისგან და გადაერთვებიან ონლაინ რეჟიმზე, ხოლო დასვენების მიზნით მოგზაურობის ჩანაცვლება ვერ მოხდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოკლევადიან პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით აქტივობას არ უნდა ველოდოთ.

2) ამ სექტორისთვის მთავარი გამოწვევა მნიშვნელოვნად შემცირებული მოთხოვნა იქნება. სასტუმროებს მოუწევთ უპასუხონ შემცირებული სტუმრებით გამოწვეულ სირთულეებს და განაგრძონ მსუბუქ ეპიდემიურ პირობებში საქმიანობა - სანიტარული ნორმების მაქსიმალური უზრუნველყოფით. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ნომრის საშუალო ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება. ეს პერიოდი განსაკუთრებულად რთული იქნება ადგილობრივი, დამოუკიდებელი საშუალო კლასის ბრენდებისთვის, რადგან მათ მოუწევთ საერთაშორისო ბრენდებთან ფასის კონკურენციაში შესვლა.

3) AIRBNB-ის ბაზარი მოკლევადიან პერიოდში განსაკუთრებით იზარალებს. სასესხო ვალდებულებების დროულად დასაფარად, საცხოვრებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს, შესაძლოა, დასჭირდეთ დღიური გაქირავებიდან გრძელვადიანი გაქირავების მოდელზე გადასვლა.

4) მოსალოდნელია, რომ სამედიცინო გადაწყვეტის არსებობამდე, შეფერხდება სასტუმროს ნომრების სამომავლო მიწოდება. მიმდინარე წელს, თბილისში დაახლოებით 1,070 ნომერის მიწოდება იყო დაანონსებული. სავარაუდოა, რომ 2020 წლის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდება.

მოლოდინები და შესაძლებლობები

2019 წელს ქართველების (გამყვანი ვიზიტორები) მიერ უცხოეთში განხორციელებულმა დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 მილიარდი ლარი შეადგენა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა - 877 ლარი. შესაძლებელია, აღნიშნული ფულადი ნაკადების ადგილობრივი ტურიზმისკენ შემოტრიალება, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.

მსუბუქი პანდემიის პირობებში, სასტუმროების კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება იმით თუ რამდენად იქნებიან აღჭურვილნი სანიტარული დაცვის საშუალებებით და ექნებათ ახალი პროცედურები მათ სასტუმროში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აპრობირებული პრაქტიკა ხდება რობოტების გამოყენება, რომლებიც დახურულ სივრცეში ახდენენ დეზინფექციას. მნიშვნელოვანი იქნება ონლაინ მარკეტინგი და შეთავაზებების/პროდუქტების განახლება ლოიალური კლიენტებისა და ახალი სტუმრებისთვის.

დარგის ექსპერტების მიერ აქტიურად განიხილება, რომ სამომავლოდ, სასტუმროების სექტორი ტექნოლოგიური და თვითმომსახურების მიმართულებით განვითარდება და სერვისის კომპონენტში შემცირდება ფიზიკური კომუნიკაციის როლი.

პანდემიის პირობებში, სასტუმროებისთვის, შესაძლოა, ისეთი ალტერნატიული დროებითი ფუნქციების ძიება, როგორიცაა მაგალითად მოქნილ სამუშაო სივრცეებად რედეველოპმენტი. ამის პრეცენდენტები უკვე გაჩნდა ევროპის სასტუმროებში, სადაც სასტუმროს ნომრებს ქირაობენ სამუშაო სივრცის დანიშნულებით.