მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ არსებულ შეზღუდვებს ახალი არაფერი დაემატოს - გამყრელიძე

60801796356df
ინგა მურუსიძე
21.04.21 17:17
3548
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყდა, რომ არსებულ შეზღუდვებს ახალი არაფერი დაემატოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკვე დაწესებული შეზღუდვების კონტროლი გამკაცრდება.

„საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით დღეს ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყდა, რომ დაწესებულ შეზღუდვებს ახალი არაფერი დაემატოს და მხოლოდ უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდეს. მეტი უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას, რომ მოსალოდნელია ვითარების გაუარესება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო განპირობებულია ეპიდსიტუაციით და იმ ინფორმაციის ანალიზით, რომელიც არსებული მომენტისათვის საბჭოს გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის აღსრულებას აქვს ორი მხარე, ერთი, რომ უნდა აღსრულდეს იმ ორგანოების მიერ, ვისაც ევალება ამის კონტროლი და მეორე - უნდა აღსრულდეს მოსახლეობის მხრიდან",  - განაცხადა თავის მხრივ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დამატებითი რეგულაციების დაწესებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დამატებითი რეგულაციების დაწესების თავიდან აცილებას, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებასა და მთავრობის მიერ უკვე დადგენილი რეგულაციების შესრულებაზე.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ორმხრივი მოძრაობა, არ შეიძლება მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იზრუნოს ამაზე; შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით შეასრულოს არსებული რეგულაციები. ჩვენ ვცდილობთ, რომ დამატებითი რეგულაციები და დამატებითი წნეხი მაქსიმალურად იქნას აცილებული, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდვითარებასა და იმ რეგულაციების შესრულებაზე, რომელიც უკვე დადგენილია მთავრობის მიერ,“ - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.