მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"5 წელი არათანაბარ პირობებში ვიყავით" - "TV პირველის" პასუხი ფინანსთა სამინისტროს

5e00fe20c1b8b
თელარა გელანტია
23.12.19 21:44
2606
“გვაქვს ძალიან დიდი პროტესტი, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენთვის არცერთი დღე არ უპატიებია არავის, პატიოსნად ვიხდიდით გადასახადებს”, - ამის შესახებ "TV პირველის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ bm.ge-ისთან საუბარში ფინანსთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

რამდენიმე საათის წინ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

"TV პირველში” აცხადებენ, რომ მიმდინარე დავალიანების რამდენიმე კვირით გადავადების თხოვნით, კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს 16 დეკემბერს მიმართა.

„ბოლო 5 წლის მანძილზე რამდენ რამეში შეგვეშალა ხელი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, პატიოსნად ვიხდიდით გადასახადებს, მაშინ როცა მილიონობით საბიუჯეტო დავალიანებას აგროვებდნენ სხვა არხები. არათანაბარ პირობებში ვიყავით რამდენიმე წელი. ტელევიზიებს 20 და 30-მილიონიანი დავალიანებები აქვთ და ჩვენ უნდა დაგვადონ ინკასო?! ჩვენ გვაფრთხილებენ?! მაქვს ძალიან დიდი პროტესტი, რომ ხუთი წლის განმავლობაში არცერთი დღე არავის უპატიებია ჩვენთვის, პატიოსნად ვიხდიდით ყველაფერს; ამისთვის მადლობაც ხომ გადაგვიხადა მინისტრმა (იგულისხმება ვანო მაჭავარიანი)... ნამდვილად დავიმსახურეთ ეს მადლობა. ახლა კი აღშფოთებას იწვევს ის, რომ წლის დახურვამდე შვიდი სამუშაო დღით ადრე გვეუბნებიან, რომ მიმდინარე დავალიანება გადაიხადეთო, მაშინ როდესაც ჩვენ მიმართული გვაქვს წერილით, რომ მიმდინარე გადაგვივადონ იანვრის შუა რიცხვებამდე“, - განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

ცნობისთვის: bm.ge სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებასაც ცდილობს. "რუსთავი 2"-სა და "იმედში" (ასევე "მაესტრო" და GDS) უკვე განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე დავალიანება არ აქვთ და ოქტომბრიდან გადასახადებს იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანიებს "იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს" სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ, რომლის დაფარვის გეგმა კომპანიებმა წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ.