მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

520 ლარი და 91 თეთრი - მინიმალური ხელფასის მოცულობა ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტით

5dc29061b503b
შოთა ტყეშელაშვილი
06.11.19 13:50
3815
დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მინიმალურ ხელფასად 520 ლარი და 91 თეთრი უნდა განისაზღვროს. კანონპროექტის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირისთვის არ შეიძლება დადგინდეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დადგენილ საქართველოში დასაქმებულთა ყოველთვიური საშუალო ხელფასის 45% -ზე ნაკლები.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1,179 ლარი და 80 თეთრი შეადგინა. ამ თანხის 45% კი, 520 ლარსა და 91 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი სწორედ ეს თანხაა.

კანონპროექტი კომპანიებისთვის, რომლებიც სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირებს მინიმალურ ხელფასზე ნაკლებ ანაზღაურებას გადაუხდიან, ჯარიმებს ითვალისწინებს.

"კალენდარული წლის განმავლობაში ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებლისთვის პირველ ჯერზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა თითოულ დასაქმებულზე, რომლის მიმართაც დამსაქმებელმა დაარღვია ეს კანონი, 2000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია კანონპროექტში.

კანონის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 4000 ლარამდე იზრდება.

ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტის განმარტებითი ბარათში წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ მინიმალური ხელფასი დაინერგება, ათასობით დასაქმებულის სოციალური პირობები გაუმჯობესდება.

"დღეს, იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად, არ არსებობს მინიმალური ხელფასის რეგულირება, დასაქმებულ ადამიანთა ნაწილს ხელი არ მიუწვდება შრომის ანაზღაურების იმ ოდენობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

ნათლად ვლინდება ჩვენი ქვეყნისთვის საშიში ტენდენცია, როდესაც ღარიბთა რიცხვში აღმოჩდნენ არა მხოლოდ ე.წ. სოციალურად მოწყვლადი ფენების წარმომადგენლები (პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, უმუშევრები), არამედ დასაქმებულებიც.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საშუალოდ 784 ათასი ადამიანი იღებდა ხელფასის სახით შემოსავალს, მათ შორის, დაახლოებით, 229 ათასი - თვეში 500 ლარს და ნაკლებს (მთლიანად ხელფასის მიმღებთა 29%). ამ პირთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 290 ლარია. ხელფასის ეს რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ფიზიოლოგიური (შიმშილის პრობლემა, როდესაც პრიორიტეტი კვებაა, ისე რომ ყველა სხვა პრობლემა უკანა პლანზე გადადის), საშემოსავლო (როდესაც საკვები ენერგიის მიღების პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია და პრობლემა ხარისხია) და დეპრივაციული (როდესაც საკვები საკმარისია, თუმცა არასასურსათო საქონლისათვისა და მომსახურებისთვის პირს არ აქვს საკმარისი თანხა) სიღარიბის აღმოფხვრას.

2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა საქართველოს მოსახლეობის 20,1 %-ია;

საქართველოში სიღარიბის პრობლემა განუყოფლად არის დაკავშირებული ერთი მხრივ უმუშევრობის დონესთან და მეორე მხრივ, დასაქმებულთა ხელფასებისა და ზოგადი მდგომარეობის უთანასწორობის საკმაოდ დიდ მაჩვენებელთან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით ჯინის კოეფიციენტი მთლიანი შემოსავლების მიხედვით 0.39-ია. არსებული უთანასწორობასკი ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლამდე მივყავართ.

სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი: Causes and Consequences of Income Inequality: A Global Perspective 2015 (შემოსავლების უთანასწორობის მიზეზები და შედეგები: გლობალური პერსპექტივა. 2015) პირდაპირ მიუთითებს შემოსავლების უთანასწორობის უარყოფით გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. მის მიხედვით, თუ შემოსავლებს შორის განსხვავება მოსახლეობის ყველაზე დაბალ შემოსავლიანი 20 %-სა და ყველაზე მაღალშემოსავლიან 20 % - ს შორის შემცირდებოდა დაბალშემოსავლიანების სასარგებლოდ 1 % - თაც კი, ეს გამოიწვევდა ეკონომიკის მინიმუმ 0.38 % ზრდას, ხოლო თუ მოხდებოდა პირიქით , ეს გამოიწვევდა ეკონმიკის ზრდის შემცირებას მინიმუმ 0.08 % - ით.

სხვა სოციალურ ფაქტორებთან ერთად მინიმალური ხელფასი პირდაპირ არის დაკავშირებული, დასაქმებულთა სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და დაბალშემოსავლიანი მშრომელების სიღარიბის რისკის შემცირებასთან.

ამასთან, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებელი არ შეესაბამება ადამიანის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების სტანდარტებს. სინამდვილეში, საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალია და ამჟამად დაახლოებით, შეადგენს 375 ლარს.

შესაბამისად, გამოდის, რომ დღეს დასაქმებულთა დიდი ნაწილი რეალურ საარსებო მინიმუმზე დაბალ ანაზღაურებას იღებს. მინიმალური ხელფასი კი, არათუ უნდა უტოლდებოდეს საარსებო მინიმუმს, არამედ აუცილებლად უნდა აღემატებოდეს მას.

აქედან გამომდინარე, ზემოთაღნიშნული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი აუცილებელი გზა არის კანონით მინიმალური ხელფასის იმ ოდენობით დადგენა, რაც ხელს შეუწყობს ადამიანთა ხელფასების ზრდასა და დასაქმებულთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - ნათქვამია კანონპროექტში.

ეს საქართველოს პროფკავშირების მიერ შექმნილი საკანანონმდებლო ინიციატივის შემდეგ, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის წარდგენილი უკვე მეორე კანონპროექტია. პროფკავშირების ინიციატივით შექმნილ დოკუმენტში მინიმალურ ხელფასად 320 ლარი იყო განსაზღვრული.